ახალი ამბები

კახეთის გუბერნატორი თანამდებობას უახლოეს დღეებში დატოვებს

როგორც knews.ge-ს გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შიოლაშვილი თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით განცხადებით პრემიერ მინისტრს უახლოეს დღეებში მიმართავს.
,,გუბერნატორი დღემდე აგრძელებს დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას და არჩევნებამდე 30 დღით ადრე გადადგება. ბრძანებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი. ვადებს არ დავარღვევთ”, – განუცხადეს knews.ge-ს გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნებში მონაწილე პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა პარტიული სია 8 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ. არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა პარტია/საარჩევნო ბლოკი ვალდებულია პარტიული სია ცესკო-ს თავმჯდომარეს წარუდგინოს. კოდექსის მიხედვით, 10 სექტემბრამდე თანამდებობა უნდა დატოვონ იმ გუბერნატორებმა, გამგებლებმა და შესაბამისი თანამდებობის სხვა პირებმა, რომლებიც პარტიულ სიაში არიან ან მაჟორიტარებად იყრიან კენჭს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ სიღნაღისა და დედოფლისწყაროს გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად 4 აგვისტოს წარადგინა.
,,დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი შიოლაშვილი ძალას არ დაიშურებს და ყველაფერს გააკეთებს მათი ინტერესების დასაცავად პარლამენტში”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, საპარლამენტო მანდატის მოპოვების შემთხვევაში იგი რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარებაზე გააგრძელებს მუშაობას.
,,ჩემთვის დიდი პატივია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენა პრემიერ მინისტრისაგან. მოსახლეობას ვაძლევ პირობას, რომ ვიქნები ხალხის ხმა პარლამენტში”, – აღნიშნა ირაკლი შიოლაშვილმა.