ენმ – პედაგოგის მინიმალური ხელფასი 650 ლარი იქნება
„650 ლარი საბაზო ხელფასი, ეს იქნება გადარჩენა საქართველოს 65 000 ოჯახისთვის, რადგან ჩვენს გვყავს 65 000 მასწავლებელი. ეს არის მინიმალური ხელფასი. მასწავლებლის ხელფასი გაცილებით მეტი იქნება. ჩვენს მასწავლებლებს აქვთ უამრავი სერთიფიკატი, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს თავის წონას აძლევდა და ეს გაგრძელდება“, – განაცხადა მარიამ რამინიშვილმა თელავში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს.
მისივე თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა 5000-ით ფაიზრდება.
„ჩვენ 5 000 ბავშვით მეტს დავაფინანსებთ უმაღლეს სასწავლებელში, ვიდრე დღეს ფინანსდებიან. ეს ნიშნავს 5 000 ოჯახს რომელსაც მოაკლდება ის პრობლემა, რაც ყველას რაღაცნაირად გვეხება“, – აღნიშნა რამინაშვილმა.
დღეს, თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და სანდრა რულოვსმა, თელავი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა და პარტიის სხვა წევრებმა მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართეს. მათ ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები წარუდგინეს. პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ათეულმა მთავარ გზავნილებად დასაქმების პროგრამის მოგვარება, განათლება, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ეკონომიკური და სოციალური ვითარების გაუმჯობესება დაასახელა.