როგორი უნდა იყოს დეპუტატობის კანდიდატი – კახელი ამომრჩევლის მოსაზრებები
მათი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატები აქტიურობენ და სხვადასხვა სახის დაპირებებს გასცემენ, თუმცა გამარჯვების შემდეგ დაპირებებს ივიწყებენ. იმის გასაგებად თუ რას ფიქრობენ ამომრჩევლები საპარლამენტო არჩევნებზე და აპირებენ თუ არა მონაწილეობის მიღებას, რეგიონის სამ ქალაქში გამოკითხვა ჩავატარეთ.
მანანა ლალიაშვილი, გურჯაანის მკვიდრი:
,,არ ვაპირებ არჩევნებზე წასვლას. დეპუტატი იმისთვის ავირჩიო რომ თანამდებობა დაიკავოს და არაფერი გააკეთოს? წინა დეპუტატი რომ ავირჩიეთ ეს წლები რა გააკეთა, რა შეცვალა ქალაქში? რა აზრი აქვს ვინმეს არჩევას, ყველა ისე მოიქცევა, როგორც მისი წინამორბედები, ხალხზე ვინ ფიქრობს.’’
გია გოგოლაშვილი, გურჯაანის მკვიდრი:
,,იმ შემთხვევაში წავალ არჩევნებზე და მას დავუჭერ მხარს, ვინც მოვა ჩვენამდე, მოგვისმენს, დაგველაპარაკება და ჩვენი პრობლემებით დაინტერესდება. ხალხის მხარდაჭერა მხოლოდ საარჩევნოთ ჭირდებათ, ისე არავის ვახსოვართ. ეს უმოქმედობის პერიოდები უნდა დამთავრდეს და ისეთი ადამიანი მოვიდეს დეპუტატად, ვინც ხალხზე იზრუნებს.’’
ვენერა დავითაშვილი, პენსიონერი, გურჯაანის მკვიდრი:
,,ყოველთვის ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას. ავადმყოფობის გამო ვერ გავდივარ საარჩევნო უბანზე და გადასატანი ყუთით ვსარგებლობ. იმ კანდიდატს დავუჭერ მხარს, ვინც პენსიის გაზრდას დამპირდება და ჩვენ კეთილდღეობაზე იზრუნებს.’’
ანული მენაბდიშვილი, დიასახლისი, გურჯაანის მკვიდრი:
,,კანდიდატი, ვისაც მხარს დავუჭერ, უნდა იყოს კეთილსინდისიერი უნდა იზრუნოს ჩვენზე. იმედია, ვისაც მივცემ ხმას, პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარება. ვითხოვთ იმ პრობლემების გადაწყვეტას, რაც დეპუტატის მოვალეობაა და არა გამგებლის ან გუბერნატორის.’’
აჯი ასანოვი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას მკვიდრი:
,,არ ვიცი რა არჩევნები მოდის და არც მაინტერესებს. ვინც ავირჩიეთ სოფლის წარმომადგენელი თუ გამგებელი, არავინ მოგვხედა და ახლა დეპუტატი დაგვეხმარება? წლებია რაც სოფლის გზები ისეა დაზიანებული ვერ დავდივართ, ზაფხულში მტვრით გვევსება ოთახები და ფანჯრებს ვერ ვაღებთ. ბევრჯერ ვითხოვეთ დახმარება, მაგრამ უშედეგოდ.“
ელდარ მაჰმედოღლი , სოფელ ყარაჯალას მკვიდრი:
,,წინასაარჩევნოდ მაინც მოგვიგვარონ გზის პრობლემა, იმდენად არის დაზიანებული სოფლის ცენტრალური და შიდასაუბნო გზა, რომ გადაადგილება გვიჭირს. მოდიან და გვეუბნებიან, რომ დაგეხმარებით და ხმა მოგვეცითო. ვუჭერთ მხარს, მაგრამ რომ გაიმარჯვებენ, აღარ აინტერესებთ ხალხი. არ ვიცი რა არჩევნები მოდის და არც წასვლას ვაპირებ.’’
ნაზი ბაირამოვი, სოფელ ყარაჯალას მკვიდრი:
,,ვაპირებ არჩევნებზე წასვლას და მონაწილეობის მიღებას. ვინც კარგი კანდიდატი იქნება და ჩემი ქმარი ვისაც მისცემს ხმას, მეც მას დავუჭერ მხარს. ‘’
მინაია ჯურბანყიზი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს მკვიდრი:
,,არ ვიცი რა არჩევნები უნდა ჩატარდეს. დეპუტატი უნდა ავირჩიოთო ამბობენ სოფელში. წინა დეპუტატიც არ ვიცი ვინ არის. გაზის პრობლემა გვაქვს, სოფლის ნახევარს აქვს ბუნებრივი აირი და ნახევარს არა, ბევრჯერ ვითხოვეთ დახმარება მაგრამ უშედეგოდ. არავისი იმედი აღარ გვაქვს. წინასაარჩევნოდ მაინც გააკეთონ ჩვენგან რომ ითხოვენ ხმებს.’’
ელენე დუგლაძე, საგარეჯოს მკვიდრი
,,ვიცი რომ საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს და დეპუტატი ავირჩიოთ. ვინც დაგვპირდება, რომ პრობლემების მოგვარებაში დახმარებას გაგვიწევს და ოთახში არ დაჯდება, იმას მივცემ ხმას. დღეს ბევრი პრობლემაა საგარეჯოში და დროულად მოგვარება სჭირდება.’’
აჟდარ მუსტაფაევი, სოფელ ყარაჯალას მკვიდრი, თელავი:
,,სანამ თანამდებობაზე მოვლენ, ამბობენ, ყველაფერს გავაკეთებთო, მაგრამ როცა უკვე ოთახებშ დასხდებიან, დაპირებას ივიწყებენ. ნაგვის ურნები არ გვაქვს, წყალში ვყრით ნაგავს, გზა არ გვაქვს და ბუნებრივი აირი. იმას მივცემ ხმას ვინც ხელს შეგვიწყობს და შეგვპირდება, რომ მიხედავს ყარაჯალას.’’