შსს-მ ახმეტაში უკანონო საბრძოლო მასალა და ნარკოტიკი ამოიღო
მას ბრალად ედება საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ახმეტაში, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 400 გრამი ტროტილი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 156 საბრძოლო ვაზნა და 3 მჭიდი, ხოლო მისი კუთვნილი ზურგჩანთის ჩხრეკისას – 22,6 გრამი მარიხუანა ამოიღეს.
„ნარკოლოგიური შემოწმებით, ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – განაცხადეს შსს-ში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.