სოფელ შილდაში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანეს
გიორგი ბოტკოველის თქმით, მის ბანერს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ტყვია ესროლეს. ბოტკოველი დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.
,,აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, დაკითხეს ყველა პირი და ბინის მეპატრონე, ვის სახლზეც იყო გაკრული ბანერი. გამოძიება დაადგენს ზუსტად რითია ის დაზიანებული. რათქმაუნდა ეს არის ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ შესრულებული საქმე, რადგან კარგად ხედავენ, რომ როგორც შილდაში ასევე სხვა სოფლებშიც არ აქვთ კარგად საქმე და ამიტომ ცდილობენ ჩვენი მომხრეები დააშინონ, მაგრამ ეს მათ არ შეაშინებთ და უფრო გაძლიერდებიან,”– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ბოტკოველმა.
ოჯახის მეპატრონის ინფორმაციით, გვიან ღამით 3–ჯერ გასროლის ხმა გაიგო და გარეთ გაიხედა,რის შემდეგაც 2 პიროვნება სახლთან ახლოს მდგარი ავტომობილით გაიქცა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.