გურჯაანსა და წნორში პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისები დააზიანეს
დაუდგენელმა პირებმა შენობების კედლები და სააგიტაციო ბანერები ცისფერი წარწერებით,,41“ და ,,41+პაატა“ შეღებეს. პარტიის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გია ხაზიური აღნიშნული ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. მისივე მტკიცებით, პარტიები “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური მოძრაობის დისკრედიტაციას ცდილობენ და მათ მიმართ მუდმივად რეპუტაციის შემლახავ კამპანიას აწარმოებენ.
,,როდესაც ოფისში მივედით, ეს წარწერები დაგვხვდა. ბოლო პერიოდში ორი პოლიტიკური ძალა “ქართული ოცნება“ და ,,ნაციონალური მოძრაობა“ ისტერიულად, ყველანაირი მეთოდით გვებრძვის. ერთი გვეუბნება, რომ ერთის სატელიტი ვართ, მეორე გვეუბნება, რომ მეორის სატელიტი ვართ. ერთმანეთს თავი დაანებეს და ჩვენზეა გადმოტანილი აქცენტი, რადგან იციან ჩვენი ძალა. სამართალდამცავებმა უკვე დაიწყეს აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა. მათ ვთხოვ დროულად და ობიექტურად გამოიძიონ ეს ვანდალური ფაქტი”, – განაცხადა გია ხაზიურმა.