გურჯაანში ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ სოციალური პროგრამის პრეზენტაცია გამართა
გიორგი პაპავა და ირაკლი ყიფიანი გურჯაანელ პენსიონერებთან და სოციალურად დაუცველებთან შეხვედრაზე საზოგადოების სხვა პრობლემებითაც დაინტერესდნენ.
,,შეხვედრის მიზანი იყო, გაგვეცნო მოსახლეობისთვის სოციალური პოლიტიკის მიმართულებით გასატარებელი რეფორმები. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პენსიები გაიზრდება 250 ლარამდე ჩინოვნიკების ხელფასების ხარჯზე. რაც შეეხება მედიკამენტების შესყიდვის კომპონენტს, ვგულისხმობთ მედიკამენტების სრულად დაფინანსებას, რაც ჯანდაცვას გახდის უფრო სრულყოფილს. სოციალურად დაუცველთა დახმარება კი, გაიზრდება 50 ლარით. ასევე, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვაძლევთ ოთხწლიან გარანტიას, რომ დაუცველის სტატუსი შეუნარჩუნდებათ, არ ექნებათ შიშიამ სტატუსის დაკარგვის“, – განაცხადა პარტიის ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ირაკლი ყიფიანმა.
სოფელ ჩუმლაყის მკვიდრის, ეკა კურდღელაშვილის შეფასებით, ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ სოციალური პროგრამა მისაღებია. ,,ერთი თხოვნა მაქვს, რომ გაჭირვებული ადამიანი როცა მიდის ბანკში კრედიტის ასღებად იმდენ პროცენტს უკავებენ, რომ პენსიონერს ნახევარი თანხა რჩება, კარგი იქნებოდა რომ პროცენტი ნაკლები იყოს“.
სოფელ გურჯაანის მკვიდრის, 78 წლის ვარა კრაწაშვილის განცხადებით, ვისაც მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს, განსხვავებული რაოდენობის პენსია უნდა ეძლეოდეს. ,,სამსახურიდან რომ გავდიოდი ღამის სამ საათზე გამცილებელიც არ მყავდა, სკამზე ვინც იჯდა და დაისვენა, სხვაობა არ უნდა იყოს? მე გამიზარდონ პენსია, მას ნაკლები მისცენ. ჯოხის გარეშე ნაბიჯს ვერ ვდგამ, არადა რიგში მიხდება დგომა დილიდან საღამომდე, კარგი იქნება თუ დამტარებელი დაარიგებს პენსიას უბანში“.
პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი ხაზიურის განცხადებით, პარტიამ საკუთარი რეფორმების პრეზენტაცია გურჯაანიდან დაიწყო. ,,პროგრამის გამხორციელების შედეგად მივიღებთ იმას, რომ ნაკლები სოციალურად დაუცველი გვეყოლება, რადგან მათ გარანტირებული ოთხი წელი მისცემს საშუალებას, რომ უკეთ იცხოვროს“.