სტატიები

საბჭოთა სიმბოლიკები და ჟურნალისტების შეურაცხყოფა თელავში – არასამთავრობო სექტორის შეფასებები

პარტიის შეხვედრაზე გამოჩნდნენ საბჭოთა ფორმებში შემოსილი ადამიანები, რომლებსაც გულზე დამაგრებული ქონდათ მედლები ნამგალი და უროს გამოსახულებით. აღნიშნული შეხვედრის ჩატარება გააპროტესტეს პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა.

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში აღნიშნული თემა კვლავ აქტუალურია. შესაბამისად, Knews.ge–მ ჩაწერა არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლების შეფასებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ,,ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (NIMD) თელავის ოფისის წარმომადგენლის ნიკოლოზ შარვაშიძეს მიაჩნია, რომ პირი, რომელიც საბჭოთა სიმბოლიკების პროგანდას ეწევა, უნდა დაისაჯოს.

,,მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა ვინც კანონით, ,,თავისუფლების ქარტიით” აკრძალულ სიმბოლიკას გამოიყენებს. დროა, რეალურად ამოქმედდეს ეს კანონი და ყველა სუბიექტმა თანაბრად დაიცვას ის. 4 აგვისტოს, თელავში ,,სოციალისტური საქართველოს“, კომუნისტების შეკრებაზე, გამოჩდნენ საბჭოთა ფორმებში გამოწყობილი ადამიანები, რომლებსაც მუნდირებზე დამაგრებული ქონდათ საბჭოთა ორდერები – მედლები ნამგალი და უროს გამოსახულებით. არასამსახურეობრივი მოვალეობის დროს სამხედრო ფორმით გადაადგილება საჯარო სივრცეებში აკრძალულია და მითუმეტეს, როდესაც ასეთ აქციაზე ჩნდებიან ადამიანები საბჭოთა არმიის ფორმებში გამოწყობილები, ერთგვარად სიმბოლიკის გამოყენებასთან ასოცირდება, რაც არის პროპაგანდა და ეს დასჯადია“,–აცხადებს knews.ge-სთან შარვაშიძე.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს’’ თელავის ოფისის ხელმძღვანელის, ზურა მირზიკაშვილის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს კომუნისტურ ფაშისტური იდეოლოგიის პროპაგანდას. 

,,ჩემი აზრით, უნდა გაირკვას რამდენად კანონიერად დაუთმეს საჯარო სივრცე ამ ტიპის შეხვედრის ჩასატარებლად. ვფიქრობ, რომ უნდა განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები კომუნისტური ფაშისტური იდეოლოგიის გავრცელებისათვის და მსგავსი ქმედებები უნდა იყოს აღკვეთილი“,–განაცხადა Knews.ge–სთან ზურა მირზიკაშვილმა. 
ნიკოლოზ შარვაშიძეს შეფასებით, აქციაზე ჟურნალისტების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფა დასჯადი უნდა იყოს. 

,,ჟურნალისტის ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტები დასაგმობია და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ მოძალადეები. წინასაარჩევნო პერიოდია და უნდა გამკაცრდეს მსგავს ფაქტებზე რეაგირება და კონტროლი სამართალდამცავების მხრიდან და მხოლოდ ჯარიმის სახით არ უნდა შემოიფარგლოს. მოძალადეს არ დასჯამ შესაძლოა, წაახალისოს სხვა სუბიექტები და საბოლოო ჯამში მივიღოთ ძალიან ცუდი შედეგი – ძალადობის ფაქტებით გაჯერებული წინასაარჩევნო კამპანია“,–განაცხადა შარვაშიძემ.

თელავში ჟურნალისტის ცემის ფაქტზე სპეციალური განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც. 

,,სახალხო დამცველი გმობს მსგავს ძალადობრივ ქმედებებს, სიძულვილის ენის გამოყენებას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს თითოეულ ასეთ ფაქტზე მოახდინონ დროული რეაგირება და ძალადობრივი ქმედების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია. ვინაიდან არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოსალოდნელია დაძაბულობის ზრდა, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაქსიმალურად უზრუნველყოს მსგავსი ძალადობრივი ქმედების პრევენცია და ითოულ ფაქტზე მოახდინოს კანონით განსაზღვრული რეაგირება, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა”,–ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თელავში, სახალხო მოძრაობის ,,სოციალისტური საქართველო“ მიერ გამართული ყრილობა, სადაც რეგიონული პარტიის დაფუძნებას გეგმავდნენ, გადაიდო. თელავის ქუჩებში პარტიის ლიდერების გამოჩენას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან პროტესტი მოყვა. ისინი ტრანსფარანტებითა და საყვირებით დახვდნენ დახვდნენ მათ. მოგვიანებით, ღონისძიებაზე სახალხო მოძრაობის რამდენიმე ლიდერის მხრიდან ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფას ქონდა ადგილი.