ახალი ამბები

TI – კახეთში მუსლიმთა სამმართველოს ქონება იჯარით, ხოლო მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად გადაეცა

გადაცემული მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: საქართველოს საპატრიარქოს დედოფლისწყაროში, ყვარელში, სიღნაღში, საგარეჯოსა და ლაგოდეხში ერთი, ხოლო გურჯაანსა და ახმეტაში კი, სამი მიწის ნაკვეთი. რაც შეეხება ობიექტების გადანაწილებას საქართველოს მუსლიმთა კავშირისთვის, ასე გამოიყურება: თელავსა და ყვარელში ერთი, ლაგოდეხში – ოთხი, საგარეჯო კი, რვა ობიექტი.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს’’ თელავის ოფისის ხელმძღვანელის, ზურა მირზიკაშვილის განცხადებით, ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რამდენად მიზნობრივად და დასაბუთებულად ხდება სახელმწიფო ქონების გადაცემა რელიგიური ორგანიზაციებისთვის.

მირზიკაშვილისვე ინფორმაციით, მიღებული წერილებიდან ჩანს, რომ საქართველოს მუსლიმთა კავშირი შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთების გადაცემას მხოლოდ რელიგიური დანიშნულებისთვის ითხოვს, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კახეთში გადაცემული მიწის ნაკვეთებიდან კი მხოლოდ გურჯაანში, ლაგოდეხსა და ახმეტაში აშენდა/განახლდა რელიგიური დანიშნულების ობიექტები. დანარჩენ შემთხვევებში კი ქონება რელიგიურ ორგანიზაციას სამეწარმეო, სამეურნეო ან/და საცხოვრებელი დანიშნულებით გადაეცა.

,,კვლევამ მოიცვა კახეთის რეგიონი – გამოვითხოვეთ ინფორმაცია 2011 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 15 ივნისის ჩათვლით, სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს მიერ რელიგიური ორგანიზაციებისთვის გადაცემული უძრავი ქონების შესახებ. მოწოდებული ინფორმაციიდან ვარკვევთ, რომ ქონება გადაცემული აქვთ მხოლოდ 2 რელიგიურ ორგანიზაციას: საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიასა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს.  აქედან მუსლიმთა სამმართველოს ქონება გადაცემული აქვს 49 წლიანი იჯარით, ხოლო მართლმადიდებელ ეკლესიას ქონება გადაეცა საკუთრებაში, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად. 2011 წლიდან დღემდე კახეთის 9 მუნიციპალიტეტში სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოდან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სულ გადაცემული აქვს 11 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 185 784კვ.მ. და მასზე არსებული შენობა ნაგებობები საერთო ფართობით 3 406.58კვ.მ.” – აცხადებს მირზიკაშვილი.