მცენარეული ცხიმის შემცველ პროდუქტზე ”მსგავსი” და ”ებრი” ტერმინების გამოყენება აიკრძალა
რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, დღეიდან მათ აღარ აქვთ უფლება ბაზარზე გამოტანილ პროდუქციას, რომელიც მცენარეულ ცხიმზე მზადდება, უწოდონ “რძის მსგავსი”, “არაჟნისებრი”. რძის ტექნიკური რეგლამენტი გუშინ სრულად ამოქმედდა და აღნიშნული რეგულაციაც შევიდა ძალაში, შესაბამისად, ნაწარმზე, რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმს, რძის ნაწარმის მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება იკრძალება.
ყველა პროდუქტს, რომელსაც აწერია „კარაქი“, „არაჟანი“, „ხაჭო“ თუ „მაწონი“, მხოლოდ რძისგან დამზადებული უნდა იყოს. რა ერქმევა მცენარეულ ცხიმზე დამზადებულ პროდუქციას და გააგრძელებენ თუ არა მათ წარმოებას კომპანიები, მათი გადასაწყვეტია.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა კახა სოხაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, დასახელებაში „ებრის“ და „მსგავსის“ დამატება რძის შემცველ პროდუქტზე, რომელსაც მცენარეული ცხიმიც ემატება, აღარ შეეძლებათ.
„დასახელებები: „რძე“, „მაწონი“, „კარაქი“, „ხაჭო“ თუ „არაჟანი“ შესაძლებელია გამოიყენონ მხოლოდ იმ პროდუქტებზე, რომლებიც დამზადებულია მხოლოდ ნედლი რძისგან ან აღდგენილი რძისგან და შეიცავს მხოლოდ რძისთვის დამახასიათებელ კომპონენტებს, ხოლო რძის შემცველი პროდუქტისთვის ისეთი მიმსგავსებული ბოლოსართით, როგორიცაა „სებრი“ ან „მსგავსი“, იკრძალება“.
რძის პროდუქტების მწარმოებლები, როგორც კახა სოხაძე აცხადებს, ამ ცვლილების შესახებ დიდი ხანია გაფრთხილებულები არიან და ახლა უკვე მათ მარკეტინგულ მიდგომაზეა დამოკიდებული, თუ რა სახელით აწარმოებენ რძის შემცველ პროდუქციას. სოფლის მეურნეობის ეროვნულმა სააგენტომ კი ამ დღეებში უკვე დაიწყო ბაზრის მონიტორინგი და იმ შემთხვევაში, თუ დარღვევებს აღმოაჩენენ, მწარმოებლებს შესაბამისი ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრებათ.
მისივე განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტო არ ადგენს ტერმინებს, რა უნდა ეწოდოს მცენარეული ცხიმით დამზადებულ პროდუქციას, ამიტომ კომპანიებს სახელწოდებაზე ზრუნვა თავად მოუწიათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რძის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2015 წლის 1 აგვისტოს შევიდა, თუმცა, ბიზნესის შეუფერხებლად მუშაობისთვის მწარმოებლებს ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი დაუდგინდათ. შარშან აიკრძალა სიტყვების „მაწონი“, „ხაჭო“, „არაჟანი“ გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია სრულად ნატურალური ცხოველური ცხიმით არ იყო დამზადებული. შესაბამისად, მწარმოებლებმა დაამკვიდრეს ტერმინები „არაჟნისებრი“, „ხაჭოსებრი“ და სხვა.

