ახალი ამბები

შალაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი ჩავარდა

როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა განუცხადა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს ორბიტამ დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა. მისივე თქმით, ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
„სატენდერო კომპანია გეგმაში ვერ ჯდება,ამის გამო გავაუქმებთ ხელშეკრულებას და გამოვაცხადებთ ახალ ტენდერს“, – განუცხადა knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.
სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2000 ლარი გამოიყო. knews.ge-ს ინფორმაციით, შპს ორბიტამ წყლის მილების ნაცვლად შეცდომით შეიძინა კანალიზაციის მილები. სანდო წყაროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში კომპანიამ ასევე შეცდომით გადათხარა ის ქუჩები, სადაც სისტემა შესაცვლელი არ იყო. აღნიშნულ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კატეგორიულად უარყოფენ. 
“კომპანიამ სამუშაოების 5% შეასრულა. მათ შეიძინეს მილები, რომლებიც უხარისხობის გამო დავიწუნეთ და გავატანეთ უკან. რაც სატენდერო პირობებით იყო გათვალისწინებული, ის მილები არ შეძინეს, თუმცა ნამდვილად ვერ დავადასტურებთ იმას, რომ კანალიზაციის მილები იყიდეს. ქუჩები კი გადათხარეს იქ, სადაც შესაცვლელი იყო სისტემა. ქუჩების შეცდომით გადათხრა გამორიცხულია”, – განუცხადა knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ქსოვრელიშვილმა. 
გადათხრილი ქუჩების გამო სოფელ შალაურის მაცხოვრებლები ყოველდღიურად სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან. ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნულ ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეუძლებელია და სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილების სერიოზული პრობლემა ექმნებათ. მოსახლეობის მტკიცებით, ქუჩები მტვერშია გახვეული და ცხოვრება გაუსაძლისია.
„სახლში ფეხით შესვლაც კი მიჭირს. მინდოდა შეშა მომეტანა, მაგრამ ვერ ვახერხებ. უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც გათხარეს და გვითხრეს, რომ სამუშაობს მალე დაასრულებდნენ, მაგრამ დღეს კარგად ხედავთ რა სიტუციაში ვართ, ფეხით მოძრაობაც კი გვიჭირს. კითხვაზე პასუხს ვერ ვიღებთ. არავინ გვეუბნება როდის დაიბრუნებს გზა პირვანდელ სახეს. ეს მიწა წყლის მილებს რომ მიაყარონ აზრი არ ექნება. საბოოლოდ საქმის გაკეთების ნაცვლად უარეს შედეგს მივიღებთ“, – აღნიშნა სოფელ შალაურის მკვიდრმა გენადი წიგნაძემ.