ახალი ამბები

ველისციხის თეატრი გაქურდეს

ვასო გოძიაშვილის სახელობის სახალხო თეატრიდან ორი უსადენო მიკროფონი და ფოტოაპარატი მოიპარეს. როგორც თეატრის დირექტორმა ნუნუ კარდენახლიშვილმა knews.ge-ს განუცხადა, დანაშაული, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ მოხდა, მათ კი ნივთების დაკარგვის შესახებ მოგვიანებით გაიგეს.
მისი თქმით, თეატრში უცნობი პიროვნება, სავარაუდოდ, შენობის ერთ–ერთ მხარეს მდებარე მცირე ზომის ფანჯრიდან შევიდა.
,,შენობა ძალიან დიდია და დაცვის სისტემა არ გვქონდა. იმდენად უყვარს მოსახლეობას თეატრი და უფრთხილდება, რომ დაცვა საჭირო არც იყო. ჩვენი ინფორმაციით, წაღებულია ორი უსადენო მიკროფონი, რომელსაც ვერ გამოიყენებენ, იმიტომ რომ მოწყობილობა, რაზეც ის მუშაობს, არ არის წაღებული. დაკარგულია დაბალი ხარისხის ფოტოაპარატიც. 20 წელზე მეტია აქ ვარ და ნემსიც არ დაკარგულა. არც მსგავსი მცდელობა არ შეგვიმჩნევია. ეჭვი არავისზე არ მაქვს, განსაკუთრებით თანამშრომლებზე გამორიცხულია. ამ დროისთვის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ”, – განუცხადა Knews.ge-ს ნუნუ კარდენახლიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.