ახალი ამბები

დღეიდან მიწის რეგისტრაცია გამარტივდა

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორია იუსტიციის სამინისტრო. ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა მარტივდება; იხსნება ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდება. ახალი კანონი უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.

,,პროექტზე მუშაობისას გამოვლინდა მიწის მარტივი რეგისტრაციისთვის ხელისშემშლელი პრობლემები და მათ აღმოსაფხვრელად მომზადდა სპეციალური კანონი, რომლითაც: შემუშავდება საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი, პროექტში ჩართული ამზომველები სერტიფიკაციას გაივლიან.  სახელმწიფო მოქალაქეს დაეხმარება საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში და სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაში დაეხმარება. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია) უსასყიდლოდ შესრულდება, მიწის რეგისტრაცია ან ნაკვეთზე საკუთრების უფლებებში ცვლილება საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გარეშე განხორციელდება”,–აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.