სიღნაღში თემურ ჭყონიას სასტუმრო ადგილობრივებმა იყიდეს
ჭყონია ,,კომერსანტთან” საუბარში აცხადებს, რომ ობიექტის გასხვისების გადაწყვეტილება გასულ წელს მიიღო, რადგან სასტუმროში არსებული 14 ნომერი მისთვის მომგებიანი არ იყო.
„მგონია რომ კარგად მოვიქეცი, როდესაც ობიექტი ადგილობრივს დავუთმე. 14 ადგილი იყო და ადგილობრივისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა. მცირე ბიზნესია, 14 ნომერში რა ფული უნდა მომეგო, რომ ინტერესი მქონოდა? თავის დროზე სასტუმრო გავხსენი არა ბიზნესისთვის, არამედ სიღნაღისთვის. გვინდოდა შეგვეთავაზებინა არქიტექტურა და სასტუმროს მომსახურების ის სტილი, რომელსაც სხვაც გადაიღებდა. შეიძლება ამბიციური განაცხადია, თუმცა ესაა რეალობა”-განაცხადა ჭყონიამ.
სასტუმრო “სოლომონი 1805” 2010 წლის დეკემბერში გაიხსნა. სახელწოდება მიენიჭა ქართველი ფილოსოფოსის სოლომონ დოდაშვილის საპატივსაცემოდ, რომელიც წარმოშობით სიღნაღიდან იყო. სასტუმროს კომპლექსში შედის რესტორანი, საზაფხულო კაფე-ტერასა, ტრადიციული ქართული მარანი და საკონფერენციო დარბაზი.