სტატიები

მემორანდუმი – ეთიკური, მიუკერძოებელი და თავისუფალი ანგარიშგების მხარდასაჭერად

პრიზი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა (EUMM) და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ერთობლივი ინიციატივით, 2013 წელს დაარსდა.

პროექტის მიზანია წაახალისოს მიუკერძოებელი, თავისუფალი ანგარიშგება, რომელსაც წვლილი შეაქვს ნდობის აღდგენასა და საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად გახლეჩილი მხარეების დაახლოებაში და ხელს უწყობს მშვიდობასა და დიალოგს მედიის საშუალებით.

ურთიერთგაგების მემორანდუმს, IWPR-თან თანამშრომლობის თაობაზე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ (GCHJE), რეგიონულ მაუწყებელთა (GARB)  და რეგიონული მედიის (GRMA) ასოციაციებმა მოაწერეს ხელი. 

,,მემორანდუმის ფარგლებში დაწყებული თანამშრომლობა, იმედი გვაქვს, ნაყოფიერი იქნება… ასევე იმედია სულ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება მშვიდობის პრიზით, გაიზრდება კონკურენცია და შესაბამისად, მასალების ხარისხიც”, – ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი.

GCHJE საქართველოში ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც მედიაში ინფორმაციის ჟურნალისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებს. GRMA და GARB–ი კი ლოკალურ და რეგიონულ დონეზე ინფორმაციის მთავარი მიმწოდებლები არიან. 

,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტური რეგიონების საზღვრისპირა სოფლებსა და ქალაქებში მომუშავე, ლოკალური გამოცემების ჟურნალისტთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა. მოხარულნი ვართ, რომ პარტნიორებთან თანამშრომლობით გვეძლევა შესაძლებლობა ხელი შევუწყოთ ასოციაციის წევრი ოგანიზაციების ჟურნალისტთა პროექტში მაქსიმალურ ჩართულობას,’’ – აცხადებს რეგიონული მედიის აღმასრულებელი დირექტორი მაია მამულაშვილი. 

ურთიერთგაგების მემორანდუმის თანმშრომლობის შესახებ პირობების თანახმად,  საერთო ღირებულებების მქონე ორგანიზაციები ძალისხმევას  მიმართავენ,

საქართველოში  საუკეთესო ჟურნალისტური პრაქტიკისა და კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ანგარიშგების ხელშესაწყობად.

,,ასიმეტრიული კონფლიქტებისა და ზოგადად ისეთი პრობლემების ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელშიც მშვიდობის ჟურნალისტიკას განსაკუთრებული მისია აკისრია, კონფლიქტების ეთიკურ გაშუქებას კი არსებითი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი დაკვირვებით მედიაში გაიზარდა კონფლიქტების თემაზე მასალების რაოდენობა და გაუმჯობესდა მათი ხარისხიც,“ – მიაჩნია საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ნათია კუპრაშვილს.

,,ისიც აღსანიშნავია, რომ რეგიონული მაუწყებლები ცდილობენ ითანმშრომლონ კონფლიქტის მეორე მხარესთან. ჩვენი შეფასებით მსგავსი ტენდენცია მედიაში პრიზის გავლენით გაჩნდა,“ – დასძენს იგი.

პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, პროექტის ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში ნაწილია. 2016 წელს ჯილდოები გადანაწილდება შვიდ კატეგორიაში, 2015 წლის 2 ნოემბერიდან  2016 წლის 1 ნოემბერამდე პერიოდში გამოქვეყნებულ ნამუშევრებს შორის.

 

მშვიდობის ჟურნალისტიკაში სპეციალური პრიზის მფლობელი მიიღებს 5000 ევროს ღირებულების ვაუჩერს, რომლის საშუალებითაც ერთთვიანი პროფესიული მივლინებით გაემგზავრება IWPR–ის სათაო ოფისში ლონდონში.