თელავის მერიის და საკრებულოს სერვისებზე ინფორმაციის მიღება შეუძლებელია
ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული გვერდებიდან მოსახლეობა საჭირო ინფორმაციას ვერ იღებს. „რეგიონის განვითარების ცენტრის“ დირექტორი, ლიზი სოფრომაძე აცხადებს, რომ კვლევა წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე წარიმართა და ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია 52 კრიტერიუმის მიხედვით შეფასდა. მისი თქმით, თელავის მერიის და საკრებულოს ვებგვერდების შედეგები სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით უკეთესია.
,,არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საშუალებითაც მუნიციპალიტეტის ვებგვერდების და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შევისწავლეთ. მინდა აღვნიშნო, რომ საინტერესო სამუშაო შესრულდა და თელავის ადგილობრივი თვითმმართველობა ღია იყო თანამშრომლობისთვის. კვლევის მიხედვით შეფასების ქულა გამოვიდა დაბალი, თუმცა სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით მაინც მაღალია და მიხარია, რომ თელავში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოტივირებული და მობილიზებულია იმისთვის, რომ ამ მხრივ სიტუაცია გააუმჯობესოს’’, – განაცხადა ლიზი სოფრომაძემ.
პროექტის კოორდინატორის ქრისტინა ფარჯიანის განმარტებით, აღნიშნულ ვებგვერდებზე არ არის ინფორმაცია მუნიციპალურ სერვისებთან და ნებართვებთან დაკავშირებით, ასევე არ დევს ქალაქის მერის შესახებ ინფორმაცია და თვითმმართველი ერთეული ძირითადად მოსახლეობასთან კომუნიკაციას ახორციელებს ფეისბუქის მეშვეობით, რაც არასაკმარისია. ვებგვერდებზე არსებული ხარვეზები გამოსწორების მიზნით, მესამე სექტორი ქალაქ თელავის მერიას და საკრებულოს რეკომენდაციებს სთავაზობს.
,,ვებგვერდზე თითქმის არ არის ინფორმაცია, როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს მიიღონ მუნიციპალური სერვისები და მერია კომუნიკაციას ძირითადად ახორციელებს ფეისბუქის მეშვეობით. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მერიამ ცოტა მეტი ყურადღება და ადამიანური რესურსი დაუთმოს ვებგვერდის განახლებას და სერვისების შესახებ ინფორმაციის დამატებას. ეს მოსახლეობას დაეხმარება, უმოკლეს პერიოდში მერიისგან მიიღოს სხვადასხვა სახის მომსახურება ისე რომ მათ არ მოუწიოთ მერიაში ხშირად მისვლა. ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მერიასთან და საკრებულოსთან თანამშრომლობა, სხვა პროექტის ფარგლებში იგეგმება უწყებისთვის ახალი ვებგვერდის მომზადება, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემათ ’’, – აღნიშნა ქრისტინა ფარჯიანმა.
ქალაქ თელავის მერიაში ამბობენ, რომ არსებული პრობლემების მოგვარებაზე მუშაობენ. მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ენუქიძის განცხადებით, საიტის სრულყოფისა და ინფორმაციულობის გაზრდის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობენ.
,,არასამთავრობო ორგანიზაციის შენიშვნები და რეკომენდაციები ჩვენთვის გასათვალისწინებელია. ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ, რომ სრულყოფაში მოვიყვანოთ მერიის საიტი, რაც შემდგომში მერიის სერვისებს უფრო ინფორმაციულს და ხელმისაწვდომს გახდის მოქალაქეებისათვის. იმედი გვაქვს ამ ერთობლივი მუშაობით საერთაშორისო სტანდარტებს დავაკმაყოფილებთ.’’
„რეგიონის განვითარების ცენტრში“ აცხადებენ, რომ კონტენტის სრულყოფის გარდა, თელავის მერიას ახალი ვებ გვერდის მომზადებაშიც გაუწევენ დახმარებას. მერიისა და საკრებულოს გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის კვლევა „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ (CTC) პროექტის “ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება” ფარგლებში განხორციელდა.