სოფელ კარდენახში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სტიქიის ზონაში მობილიზებულია სპეცტექნიკა და შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, რომელიც სოფელ კარდენახში ამ დროისთვისაც მუშაობს.
,,ქარიშხალმა და სეტყვამ სოფელ სახნავ–სათესი ფართობების ნაწილი და ერთწლიანი ბაღჩეული კულტურები დააზიანა. ძლიერმა ქარმა სახურავის ნაწილი მოხადა ქალაქ გურჯაანის ადმინისტრაციულ შენობას. გაუთვალისწინებელი შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით მოხსნილია დაზიანებული სახურავის ნაწილი. უახლოეს დღეებში დაიწყება მისი შეკეთება. ადგილზე ოპერატიულად გავიდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ადგილზე გაეცნენ სიტუაციას,”– განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
შეგახსენებთ, ძლიერმა წვიმამ, ქარმა და სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სოფელ კარდენახშია, სადაც სტიქიამ ვენახები, ხეხილის ბაღები, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები გაანადგურა. როგორც Knews.ge-ს სოფელ კარდენახში გამგებლის წარმომადგენელმა, ალიკა ტურიაშვილმა განუცხადა, სტიქიამ სოფელს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
,,მოსახლეობის ნაკვეთებში დავდივართ, რომ ზარალის რაოდენობა გავარკვიოთ. ზოგს მოსავალი 100%–ით გაუნადგურა, ზოგი ოჯახი კი ნაკლებად დაზარალდა. ძლიერმა ქარმა ასევე მინდვრებში არსებულ ფერმებსაც გადახადა სახურავები. ყოველდღიურად ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის გამგეობას ვაწვდით,’’– განუცხადა Knews.ge-ს ალიკა ტურიაშვილმა.