კახეთის 3 მუნიციპალიტეტში საარჩევნო განვითარების სკოლები გაიხსნება
სკოლას თელავში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია გახსნის, გურჯაანში კი – ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე.
ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, სკოლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროექტის, „საარჩევნო განვითარების სკოლების“ ფარგლებში გაიხსნება, რაც ხელს შუწყობს ახალგაზრდებში საარჩევნო საკითხების და არჩევნების პოპულარიზაციას.
მისივე თქმით, სასწავლო კურსი 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი. სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად კი რეგისტრაცია 680-მა ახალგაზრდამ გაიარა.
,,სასწავლო კურსის მონაწილეები 10 დღის განმავლობაში შეძლებენ მიიღონ ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ. სწავლებას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები ჩაატარებენ; 46 ტრენერი ცესკოს სწავლების ცენტრმა გადაამზადა. პროექტის მიზნები უკავშირდება სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას და ცნობიერების ამაღლებას. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ახალგაზრდებში მოხდება საარჩევნო საკითხების და არჩევნების პოპულარიზაცია, გაიზრდება არჩევნებში მათი ჩართულობის ხარისხიც და დონეც, რაც მომავალი პროფესიული რესურსის გაზრდისა და ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ ცესკომ პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“ 2015 წელს 10 საარჩევნო ოლქში დაიწყო. პროექტის ფარგლებში 2015 წელს სამი კურსი ჩატარდა და მასში მონაწილეობა 627-მა ახალგაზრდამ მიიღო. პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, სკოლების რაოდენობა წელს გაორმაგდა.
„საარჩევნო განვითარების სკოლა“ ევროპის საბჭოს (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება.