ახალი ამბები

თელავში პოლიტიკოსებთან შეხვედრების ციკლი დაიწყო

“ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ მოსიაშვილი (ტორესა მოსი) მოქალაქეებს შეხვდა. 
როგორც knews.ge-ს მოსიაშვილმა განცხადა თელავის დემოკრატიის სკოლაში ვიზიტის მიზანს საკუთარი ხედვებისა და გეგმების საზოგადოებისთვის გაცნობა წარმოადგენს. ტორესა მოსის თქმით, თელავი უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი კულტურული ცენტრი, რაც მისი წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტების ნუსხაში შედის.
„მიმაჩნია, რომ თელავს აქვს პოტენციალი, რომ რეგიონში ერთ–ერთ მთავარ კულტურულ ცენტრად იქცეს. ჩვენს ქალაქს სჭირდება ისეთი ადამიანი, ვინც შეძლებს იმ რესურსის გონივრულად გამოყენებას, რომელიც თელავს გააჩნია. ამ ყველაფერის მიღწევა კი შეიძლება უმთავრესად მოლაპარაკებების წარმართვის გზით, რაც გულისხმობს როგორც ბიზნესმენების, ისე ინვესტორების დაინტერესებას“, –განუცხადა knews.ge-ს ტორესა მოსიმ.
თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელის ნიკოლოზ შარვაშიძის თქმით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეხვედრები დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებთან და, ასევე, ფართო საზოგადოებასთან არის საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. 
„ნიდერლანდების ინსტიტუტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს პოლიტიკოსების და საზოგადოების უშუალო კომუნიკაციას, მით უფრო წინასაარჩევნო პერიოდში, როცა საზოგადოებას აქვს უამრავი კითხვა, რათა გააკეთოს სწორი არჩევანი. როგორც იცით, გასულ თვეებში ჩვენმა სკოლებმა შესაძლებლობა მისცეს პოლიტიკურ პარტიებს წინასარჩევნო პროგრამებზე ესაუბრათ. პარტიების გარდა, ასევე მნიშვნელოვანია ცალკეული პოლიტიკოსების ხედვებიც ქალაქების თუ რეგიონების განვითარების საკითხებზე“, –განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.