მომავალი წლიდან კახეთს ახალი ნაგავმზიდები მოემსახურება
პროექტს, რომლის ფარგლებშიც ტექნიკის განახლება იგეგმება, EBRD 10 მილიონი ევროთი აფინანსებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ორი მილიონი ევრო ამ მიმართულებით გრანტის სახით გამოიყოფა. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი დღეს, ფინანსთა სამინისტროსა და EBRD–ს შორის მოეწერება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, წლის ბოლომდე რეგიონებში 30 ერთეული ტექნიკა განთავსდება, მთლიანობაში კი პროექტი 150 ნაგავმზიდის შემოყვანას ითვალისწინებს.
ბურჭულაძის ინფორმაციით, ნაგავმზიდებთან ერთად რეგიონებში შემოიტანენ ნაგვის ახალ ურნებს, რომლისთვისაც დაახლოებით მილიონ 800 ათასი ევროა გათვალისწინებული.
„ახალი ტექნიკითა და ურნებით მოვიცავთ ყველა მუნიციპალიტეტს მათივე მოთხოვნის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ მათ ეს ტექნიკა ფაქტობრივად გადაეცემათ სესხის სახით, რომელიც 10 წლის განმავლობაში უნდა დაფარონ. რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე ნაგავმზიდი სამი სხვადასხვა მოცულობისა და გამავლობის იქნება. პირობითად, სვანეთსა და თუშეთს გამოეყოფა ორხიდიანი მაღალი გამავლობის მანქანები, რომელიც ოპერირებას ზამთარშიც მოახდენს”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.