TI – უნდა მივიღოთ დარეგისტრირებული მიწები და არა ხარვეზიანი რეგისტრაცია
მიწის რეგისტრაცია საერთო წესის მიხედვით ხდება. გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო კანონი მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რომელიც ახალ სტანდარტს და მოქალაქეებისათვის შეღავათებს ითვალისწინებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” იურისტის თეო ზაქარაშვილის განცხადებით, ძირითადი პრობლემატური საკითხები ამ კანონით ვერ გადაიჭრება.
,,მიზანს, რომ შეიქმნას ერთიანი მიწის კადასტრი და დარეგისტრირდეს მიწების 70 პროცენტი (რომელიც ახლა დაურეგისტრირებელია) ეს კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს. ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ სხვა, დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას. ძირითადი საკითხი ეს არის სისტემური რეგისტრაცია. იცით, რომ ახლა რეგისტრაცია მოქალაქის განცხადების საფუძველზე მისი სურვილისამებრ ხდება, თუმცა, დიდი ტერიტორიიდან ერთეული რეგისტრაციის სახით. უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ რეფორმა გატარდეს სწორად და საბოლოო ჯამში, მივიღოთ დარეგისტრირებული მიწები და არა ხარვეზიანი რეგისტრაცია. გაუმჯობესება იქნება იმ ნაწილისთვის, რომლებიც ამ ხარვეზიანი დოკუმენტების გამო დღეს წინ ვერ მიდიან და მოქმედი კანონმდებლობით მიწებს ვერ ირეგისტრირებენ. ისინი შეძლებენ ამ რეგისტრაციების განახორციელებას უფრო გამარტივებულად. ერთიანობაში, ვიცით, რომ, 1990-იანი წლებიდან მიწის არაერთი რეფორმა გატარდა. მიუხედავად ამისა, დღესაც კი, მიწების 70 პროცენტი დაურეგისტრირებელია. დღეს არც სახელმწიფომ და არც მოქალაქემ არ იცის რომელი მათგანი რა ტერიტორიას ფლობს, რა არის ადგილობრივი თვითმართველობის საკუთრება და რა არის კერძო”.