ახალი ამბები

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები ზაფხულთან დაკავშირებით

ცენტრის ინფორმაციით, ჰაერის მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ასევე, გულსისხლძარღვთა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ასაკოვნები. დაუშვებლია მათ მკურნალობის დოზები ინდივიდუალურად შეცვალონ. მედიკამეტის სახეობა და დოზები აუცილებლად უნდა შეთანხმდეს მათ ექიმთან. 
„უნდა მოვერიდოთ შუადღის მზის სხივებს. თუ გარუჯვაზე გვაქვს საუბარი, დილის 08:00 –დან 10:00 საათამდე და 18:00 საათის შემდეგ გავიდეთ ზღვაზე“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
მათივე რეკომენდაციით, ცხელ დღეებში მოსახლეობამ უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, თუმცა არ არის საჭირო ძალიან ცივი. აბსოლუტურად მიუღებელია ალკოჰოლის მოხმარება; ხშირად უნდა მიიღონ გრილი შხაპი. 
„არ უნდა დაგვავიწყდეს სათვალე. უნდა ვეცადოთ, რომ კანი მზის დამცავისგან მაქსიმალურად გვქონდეს დაფარული. დამცავი კრემის წასმა ღია ადგილებზე ქალაქშიც აუცილებელია, არა მარტო ზღვაზე. სახლში უნდა ვეცადოთ, რომ სიგრილე შევინარჩუნოთ. ფანჯრებზე ჩამოვაფაროთ ბნელი ფარდა. გამოვიყენოთ კონდიციონერი ან ვენტილატორი“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ. 
მისივე განმარტებით, ხანშიშესულებმა შესაძლებელია, რომ სველი პირსახოცი გამოიყენონ და ისე გაიგრილონ სხეული, რომ არ მოხდეს გადახურება. 
„უნდა ვერიდოთ არამარტო მზის დაკვრას, გადარუჯვას, დამწვრობის მიღებას, არამედ სითბური დაკვრაც არის პრობლემა. ამიტომ არ უნდა გადავახუროთ ორგანიზმი. ქრონიკული დაავადების მქონე პირები, გულსისხლძარღვთა, დიაბეტიკები, სახსრების დაავადების მქონე პირები შედარებით მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებიან და სიცხეში ფიზიკურ აქტივობას უნდა მოერიდონ“, – აღნიშნა სტურუამ.