ახმეტელის თეატრმა სიღნაღში სპექტაკლი გამართა
წარმოდგენა მიეძღვნა ქართველი რეჟისორის დაბადებიდან 130-ე წლისთავს. სპექტაკლს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელოვანები, ადგილობრივი მოსახლეები, სანდრო ახმეტელის და ვაჟა – ფშაველას შვილიშვილები-მანანა ახმეტელი და ლელა რაზიკაშვილიც ესწრებოდნენ.
„ეს დღე ჩვენი ოჯახისთვის მძიმეა. მის შემოქმედებაში იყო ბევრი წარმატება და, ასევე, უდიდესი ქარტეხილები. ძალიან დიდი მადლობა მასპინძლებს, ადგილობრივ თვითმმართველობას, რეჟისორს, დასს, რომელმაც ახმეტელს უერთგულა და მრავალი წელი სათუთად უვლის მის მუზეუმს,“-განაცხადა მანანა ახმეტელმა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ეკა ჩახნაშვილის განცხადებით, ახმეტელის თეატრისა და სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი შეთანხმებით, თეატრი ტრადიციას დაამკვიდრებს და, ყოველი წლის 29 ივნისს, სეზონს სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმში სხვადასხვა სპექტაკლით დახურავს.
„სიღნაღის მუნიციპალიტეტი ყოველთვის სიხარულით მიიღებს ახმეტელის თეატრს, რომელიც ძალიან კარგ ტრადიციას დაამკვიდრებს მუზეუმში,“- აღნიშნა ეკა ჩახნაშვილმა.