სტატიები

ახმეტის საკრებულოს ფრაცქია „რესპუბლიკელები“ უქმდება

ფრაქციიდან გასვლის შესახებ განცხადება საკრებულოს აპარატში ფრაქციის თავმჯდომარემ ლევან გოგოთიძემ უკვე შეიტანა. ის წარმომადგენლობით ორგანოში სოფელ კასრისწყლის მაჟორიტარი დეპუტატია. 
როგორც knews.ge-ს გოგითიძემ განუცხადა, მას აღარ აქვს სურვილი, იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, რის გამოც ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ორ დამოუკიდებელ დეპუტატთან ერთად ახალი ფრაქცია შექმნას. 
„აღარ მაქვს სურვილი, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ვიყო. დამოუკიდებელ დეპუტატად ვიქნები. შესაძლოა დამოუკიდებელმა დეპუტატება ცალკე ფრაციაც შევქმნათ. მოლაპარაკების პროცესში ვარ“, – განუცხადა knews.ge-ს ლევან გოგითიძემ. 
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან ზაქარია ქინქლაძემ knews.ge-სგან შეიტყო, რომ ლევან გოგითიძემ ფრაქცია დატოვა. ქინქლაძე გოგითიძის გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს და მიუთითებს, რომ დეპუტატები ერთ ფრაქციაში მსგავსი პოლიტიკური შეხედულებებისა და იდეოლოგიის მიხედვით ერთიანდებიან. მისი მოსაზრებით, თუ ეს პრინციპი დაირღვევა, მაშინ ფრაქციის არსებობას აზრი აღარ აქვს. 
„თქვენგან გავიგე, რომ ლევან გოგითიძემ ფრაქციიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ფრაქციაში შესვლისა და იქიდან გასვლა ადამიანის პოლიტიკური ნებაა. როდესაც ადამიანი ფრაქციის შემადგენლობაშია და შემდეგ ტოვებს, მოტივირებული უნდა იყოს მისი გადაწყვეტილება. ფრაქცია იქმნება პოლიტიკური კულტურისა და გემოვნების მიხედვით. თუ ფრაქცია „რესპუბლიკელები“ დაიშლება, ეგეც არ იქნება პრობლემა. ორი რესპუბლიკელი ვიქნებით. 25 კაციან საკრებულოში 24 ნაციონალი იყო და მხოლოდ მე ვიყავი რესპუბლიკელი, მაგრამ ჩემი პოზიციის დაცვა არასოდეს არ გამჭირვებია. რაც შეეხება გოგითიძის გეგმებს დამოუკიდებელ კანდიდატებთან ერთად ფრაქციის შექმნის შესახებ, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განუცხადა knews.ge-ს ზაქარია ქინქლაძემ. 
დამოუკიდებელმა დეპუატებმა ალექსი მაილაშვილმა და თამაზ ბორჩაშვილმა ლევან გოგითიძის გადაწყვეტილების შესახებ დღეს გაიგეს. მათ ჯერჯერობით არ იციან, დათანხმდებიან თუ არა ფრაქცია „რესპუბლიკელების“ ყოფილი თავმჯდომარის შეთავაზებას. საკრებულოს წევრები არ გამორიცხავენ, რომ ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ გოგითიძესთან კონსულტაციებიც დაიწყონ. 
2014 წლის 28 ივლისს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“, რომელშიც გაერთიანდა 3 დეპუტატი: ლევან გოგოთიძე, ზაქარია ქინქლაძე და დავით მურთაზაშვილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ფრაქცია წარმოადგენს საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას. ამიტომ, საკრებულოს წევრს აქვს უფლება ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან. საკრებულოში ფრაქციის შექმნისა და არსებობისათვის აუცილებელია, მასში გაერთიანებული იყოს წარმომადგენლობითი ორგანოს არანაკლებ სამი წევრი. 
ფრაქცია „რესპუბლიკელების“ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო უახლოეს სხდომაზე ცნობად მიიღებს.