სტატიები

კახეთში ატამი ხეებზე ლპება

გლეხები ამბობენ, რომ ბანკიდან სესხი აიღეს, მაგრამ თუ მოსავალს ვერ გაყიდიან, საფინანსო ორგანიზაცია სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ისინი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. 
,,წელს ატამი და ვაშლატამა გადასაყრელ ფასებშია. იმდენად ცოტა იყიდება, რომ ნახევრის გადაყრა გვიწევს. ძალიან ცუდ დღეში ვართ. ზოგმა ბანკიდან ვალი აიღო, რომ მუშები დაექირავებინა, მოევლო ხეხილისთვის და მოსავალი მიეღო, მაგრამ ტყუილი წვალება გამოგვივიდა, რადგან რაც დავხარჯეთ ვერ ავინაზღაურებთ,’’- განუცხადა knews.ge-ს ფერმერმა ლადო მაისურაძემ.
ფერმერები ატმის დაბალ ფასზე ჩივიან და ამბობენ, რომ მისი ღირებულება 25-დან 50 თეთრამდე მერყეობს. ადგილობრივების მტკიცებით, სოფელში მდებარე ახლადგახსნილ საწარმოში ხილს არ იბარებენ. მეწარმეები ერთადერთ გამოსავალს აზერბაიჯანისა და რუსეთის ბაზრის გახსნასა და საბაჟო პუნქტებზე რეალიზატორებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაში ხედავენ.
,,მთელი დღეები ვდგავარ, გზაზე მაქვს გამოტანილი ატამი და არავინ ყიდულობს. წინა კვირას დალპა დაკრეფილი მოსავალი და გადავყარე. რა აზრი აქვს ჩემს შრომას, თუ არ დამიფასდება? ამდენი დავხარჯე მის მოვლაზე, შეწამვლაზე და იმდენადაც ვერ ვყიდი, რომ აღებული ვალი გადავიხადო. ამბობენ, ჩუმლაყში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნაო და ისინიც ყიდულობენ დაბალ ფასად და თან არჩევენ კარგებს. ვითხოვთ, მოგვხედონ, სანამ საერთოდ გაგვიკაფავს ხეხილი. ან აზერბაიჯანიდან გადმოსულ მყიდველებს არ შეუშალონ ხელი და საბაჟო პუნქტებზე პრობლემები არ შეუქმნან ხილის გადატანისას, რომ მათ მაინც იყიდონ ჩვენი ატამი,’’- აღნიშნა გურჯაანში მცხოვრებმა ფერმერმა ლერი გოგიაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ ექსპორტისთვის ყველა სახის ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხი მოგვარებულია. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი ლარსის საბაჟო პუნქტია, რომელიც უახლოეს დღეებში გაიხსნება.