ახალი ამბები

სიღნაღში ჩეხი ტურისტის გაუპატიურებისთვის მამაკაცი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში იმ დროს მოხდა, როდესაც ტურისტები სახლის მეპატრონესთან ქეიფობდნენ და არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. 30 წლამდე ქალბატონმა გაუპატიურების შესახებ პოლიციაში თავად განაცხადა. მომხდარის შემდეგ სამართალდამცავებმა გოგონა ჯერ წნორის “არქიმედეს” კლინკაში მოათავსეს, მოგვიანებით ის ექსპერტიზის ჩასატარებლად ლევან სამხარაულის ექსპერტიზის გურჯაანის ეროვნულ ბიუროში გადაიყვანეს.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც სქესობრივ კავშირს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით გულისხმობს. 
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.