ახალი ამბები

პრემიერს საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრისას თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება

“საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს სამოცდაცხრამეტმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მოქმედი კანონის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, საქართველოს მთავრობის მეთაური ვალდებული იყო დაკავებული თანამდებობა დაეტოვებინა.
”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პრემიერ-მინისტრის სავალდებულო გადადგომა გამოიწვევს მთავრობის გადადგომას და მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობას. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი მთავრობის ფორმირება კი, რომელიც შესაძლოა ორი თვის შემდეგ მთლიანად შეიცვალოს, კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობას არ შეესაბამება“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ.