თელავში ,,წიგნის კიდობანი” განთავსდა
,,წიგნის კიდობანი” ქალაქ თელავის მერიასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიხსნა. მემორანდუმი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში წიგნიერების ამაღლებას.
,,ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის წიგნიერი მომავალი, აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეფორმებინა მემორანდუმი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. ,,წიგნის კიდობანის’’ გახსნა მნიშვნელოვანია ყველასთვის, რადგან ნებისმიერ დროს ახალგაზრდებს შეეძლებათ, მოვიდნენ აიღონ წიგნი, წაიკითხონ და დააბრუნონ ან ახლით შეავსონ. კიდობანს აქვს კასრის ფორმა, რომელიც ასოცირდება კახეთთან და ღვინოსთან,”- განუცხადა Knews.ge-ს თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ.
წიგნის კიდობანში ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ჩამოტანილი ლიტერატურა განთავსდება. როგორც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, მემორანდუმის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ბიბლიოთეკების განვითარებაზე მუშაობაც.
,,ჩვენ ვქმნით საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს სხვადასხვა სახის ლიტერატურას. მათ არამარტო ვეპატიჟებით სამკითხველო დარბაზებში, არამედ ვუქმნით გარემოს, რომ გარეთაც წაიკითხონ წიგნი. გარდა ამისა, ჩვენ თელავის მერიასთან გვაქვს აქტიური თანამშრომლობა და ვგეგმავთ ბიბლიოთეკების განვითარების, ახალი საბიბლიოთეკო სივრცეების მოწყობის, სხვადასხვა ტიპის გამოფენის მოწყობის კუთხით აქტიურ მუშაობას’’,- განუცხადა Knews.ge-ს მირიან ხოსიტაშვილმა.
,,წიგნის კიდობანის’’ გახსნას ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფრანგული ორგანიზაცია ”შანსის კლუბის” წარმომადგენლები, საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.