ახმეტაში მშენებარე ბრიკეტების საწარმოში დანადგარები განათავსეს
კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ქსელის (CENN) ინფორმაციით, საწარმოში ნედლეულის გარკვეული რაოდენობა უკვე დასაწყობდა. მათივე განცხადებით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საწარმოს შენობის რემონტი და ნედლეულის პოტენციურ მომწოდებლებთან იურიდიული საკითხების მომზადება.
CENN-ის წარმომადგენლების ინფორმაციით, პროექტის მიზანია ტყეში არსებული შეშისა და სამასალე მერქნის ნარჩენი პროდუქტების გამოყენებით საწვავის ალტერნატიული პროდუქტის მიღება რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ტყის მდგრადი გამოყენების პრინციპების დამკვირდებას.
„სატყეო და ენერგეტიკულ სექტორში ჩატარებულმა კვლევებმა დააფიქსირა შეშის დეფიციტი და დრამატული სხვაობა შეშის წლიურ მოხმარებასა და სახელმწიფოს მიერ კანონიერად გამოყოფილი საშეშე ხეტყის ოდენობას შორის. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, მოსახლეობის სათბობი რესურსით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მომზადება დაიგეგმა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი და კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების იმპლემენტაციის საგზაო რუკით განისაზღვრა. შეშის ერთ-ერთ ალტერნატივად ჭრის ნარჩენებისგან და მეორადი ხეტყის ბიომასისგან წარმოებული ბრიკეტი განიხილება,”- განაცხადეს კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ქსელის წარმომადგენლებმა.
პროექტი ხორციელდება საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს მიერ. გერმანიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით(GIZ). პროექტის პარტნიორია კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ქსელი (CENN).