მაღალმთიანი დასახლების სტატუსი დამატებით კახეთის თხუთმეტმა სოფელმა მიიღო
აღნიშნულ ნუსხაში კახეთის რეგიონის ახმეტის, საგარეჯოს გურჯაანის და სიღნაღის მუნიციპალიტეტების სოფლებიც შევიდა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებლები ასევე ისარგებლებენ იმ სოციალური შეღავათებით, რასაც ითვალისწინებს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. მისივე თქმით, ამ დასახლებების თავიდანვე შეყვანა ნუსხაში ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ არ არსებობდა დასახლებების ერთიანი ნუსხა და სისტემატიზებული მონაცემები.
„დღემდე ამ დასახლებების არდაფარვა იყო გამოწვეული იმ მიზეზით რომ არ არსებობდა ზუსტი ნუსხა და სისტემატიზებული მონაცემები. ჩვენ ეს სისტემა დავხვეწეთ და აქედან გამომდინარე შემოვდივართ წინადადებით, რომ 99 ახალი დასახლება, ანუ 38 ათასი ადამიანი დაემატოს ნუსხას,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მაღალმთიანი დასახლების დამატებით სიაში მოხვდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ძიბახევი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები: არაშენდა, დარჩეთი, ქოდალო, ჭერემი. საგარეჯოს სოფლები: ანთოკი, ბოტკო, ხინჭები, კოჭბაანი, სასადილო, ოთარაანი, სათაფლე, უჯარმა, მუხროვანი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ნუკრიანი.
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ჯამში 1681 დასახლებას აქვს.