სტატიები

ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შესაძლოა გადააყენონ

გია გიგიაშვილისათვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია „ძლიერი თელავის“ თავმჯდომარე გამოდის. ნიკოლოზ ვარდოშვილი არჩილ თხლაშიძის მოადგილის გადაყენების სამ ძირითად მიზეზს ასახელებს და კანონდარღვევის კონკრეტულ ფაქტსაც მიუთითებს. წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე კი საკითხის კომენტირებას თავს არიდებს და აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატის ბრალდებებს საკრებულოს სხდომაზე უპასუხებს. 
საკრებულოს პირველი პირის მოადგილის უნდობლობის გამოცხადების შესახებ ინიციატივას ჯერჯერობით მხოლოდ ნიკოლოზ ვარდოშვილმა მოაწერა ხელი. დეპუტატის განცხადებით, გია გიგიაშვილის იმპიჩმენტის რამდენიმე საფუძველი არსებობს. ვარდოშვილი მიიჩნევს, რომ 12 000 ლარი, რომელიც გიგიაშვილის ავტომობილის შეძენაზე დაიხარჯა, არამიზნობრივი ხარჯია. ის ფიქრობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომობილით არ უნდა გადაადგილდებოდეს თვითმმართველი ერთეულის საზღვრებს ფარგლებს გარეთ. 
„თელავის ბიუჯეტიდან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მანქანის ყიდვაში 12 000 ლარი არ უნდა გაგვეფლანგა. ეს მანქანა ყოველდღე ტოვებს თვითმმართველი ქალაქ თელავის საზღვრებს. რატომ უნდა გადაიხადოს თელაველმა გადამხდელმა ფული იმაში, რომ ყოველდღე იკატავოს თელავი-ყვარლის მიმართულებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ? მას შეუძლია თელავის ტრაფარეტამდე საკუთარი ავტომობილით მოვიდეს. იქიდან, საიდანაც იწყება თელავის ტერიტორია, შეუძლია გადაჯდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაში.“, – განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ ვარდოშვილმა. 
ოპოზიციონერი დეპუტატი გია გიგიაშვილის მიერ კანონდარღვევის კონკრეტულ ფაქტსაც მიუთითებს. ნიკოლოზ ვარდოშვილის განმარტებით, საკრებულოს თავმაჯდომარის შვებულებაში ყოფნის პერიოდში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე და ამავე დროს გიგიაშვილი არის მიწის კომისიის თავმჯდომარე. მისი შეფასებით, ეს წინააღმდეგობაში მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან. 
„ჩემი აზრით, როდესაც გია გიგიაშვილი ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას, ამავე დროს დაუშვებელია ის იყოს რომელიმე კომისიის თავმჯდომარე. გარდა ამისა, არის სხვა მიზეზიც და ვფიქრობ, რომ ესეც არის მისი იმპიჩმენტის საფუძველი. თვითმმართველობის იდეა არის ის, რომ თელავი უნდა მართოს თელაველმა. ამ სამი მიზეზის გამო მე ვარ იმპიჩმენტის დაწყების პროცედურის ინიციატორი. მე მინდა ჩემი ფრაქციის წევრებმა სურვილისამებრ ამ პროცედურის დაწყებას ხელი მოაწერონ მას შემდეგ, რაც იქ გაჩნდება სხვა დეპუტატების ხელმოწერა. ვიცი საკრებულოს დეპუტატების აზრი და მის იმპიჩმენტს თავის ცნობიერებაში ძალიან ბევრი უჭერს მხარს. თუ მათ ვერ გაბედეს და მოთხოვნა მოთხოვნად დარჩა, ჩამოვხსნი განცხადებას და წავიღებ ჩემს სიტყვას უკან“, – ამბობს ვარდოშვილი. 
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკითხის კომენტირებისაგან თავს იკავებს. გიორგი გიგიაშვილი ვარდოშვილის ბრალდებებზე პასუხის ნაცვლად ოპონენტს ხელისუფლების მთავარ მონაპოვარს ახსენებს და აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ ნებისმიერ ადამიანს აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა აქვს. 
„ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი არის აზრის გამოთქმის თავისუფლება. ნებმიერ ადამიანს უფლება აქვს გამოითქვას თავისი აზრი, რომელიც შეიძლება კანონს არშეესაბამებოდეს და არარეალური იყოს. ამ შემთხვევაში ის ადამიანი არ დაისჯება და ის თავისუფლად ივლის ქუჩაში“, – განუცხადა knews.ge-ს გია გიგიაშვილმა. 
გიორგი გიგიაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მხარს არ უჭერს წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი პირი. არჩილ თხლაშიძე მიიჩნევს, რომ ვარდოშვილის არგუმენტები უსაფუძვლოა. თხლაშიძის მსგავსად გიგიაშვილის უნდობლობის გამოცხადებას ხელს არ მოაწერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დავით ჯორჯაძეც. 
„მე ამ ინიციტივას ხელს არ მოვაწერ. ნიკოლოზ ვარდოშვილმა რომც შეაგროვოს საჭირო რაოდენობის ხელმოწერები, ჩემი მოადგილის იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერ. არ ვეთანხმები ვარდოშვილის არგუმენტებს. მისი არგუმენტები არ არის საფუძვლიანი, რომ ჩემი მოადგილის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში დააყენოს. ჯერ საკითხავია შეაგროვებს თუ არა საჭირო რაოდენობის ხელმოწერებს“, – აღნიშნავს არჩილ თხლაშიძე. 
ფრაქცია „ძლიერი თელავის“ წევრები კი ნიკოლოზ ვარდოშვილთან კონსულტაციების გამართვას აპირებენ. როგორც საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბაადურ რევაზიშვილმა knews.ge-ს განუცხადა, გიორგი გიგიაშვილის თანამდებობიდან გადაყენების სერიოზული საფუძვლები არსებობს, თუმცა გადაწყვეტილებას ფრაქციის წევრებთან ერთად მიიღებს. 
„მე ვიცი ნიკას არგუმენტები და აბსოლუტურად ვეთანხმები. ვარდოშვილთან კონსულტაციები ფრაქციის კიდევ ერთ წევრთან ლევან არჯევანიძესთან ერთად უნდა გავიაროთ“, – განუცხადა knews.ge-ს ბაადურ რევაზიშვილმა. 
წარმომადგენლობითი ორგანოს დანარჩენ დეპუტატებს კი ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ. მათ სურთ, რომ ნიკოლოზ ვარდოშვილისგან კონკრეტული არგუმენტები მოისმინონ. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი უნდა დასვას წარმომადგენლობითი ორაგონოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. გია გიგიაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად მინიმუმ 3 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო. არჩილ თხლაშიძის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ქალაქ თელავის საკრებულოს 15-დან 8 დეპუტატი მაინც.