ვიდეორეპორტაჟი

თელაველი ახალგაზრდა კიბორჩხალების საშენი მეურნეობის შექმნას გეგმავს (ექსკლუზივი)

ახალგაზრდა ბიზნესმენს ამ ეტაპზე მაცივარსა და აკვარიუმში კიბორჩხალების მცირე რაოდენობა ჰყავს, რომლის რეალიზებასაც ადგილზე ახდენს. სანდრო ჭუაძეს განცხადებით, იმის გამო რომ პროდუქტზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, იგი კიბორჩხალების ბიზნესის გაფართოვებას და გამრავლებას გეგმავს. იგი ამბობს, რომ კიბორჩხალების ფასი დაბალი არ არის, თუმცა პროდუქტის მოყვარულებს საკუთარი კიბორჩხალების საშენი მეურნეობის იდეის განხორციელების შემდეგ  პროდუქციას შედარებით დაბალ ფასში შესთავაზებს.

სანდროს თელავში ცოცხალი და მოხარშული კიბორჩხალების გაყიდვის იდეა ერთი თვის წინ გაუჩნდა. ქალაქის ცენტრალურ გზაზე მცირე ზომის მაღაზია ,,ლუდის სახლი’’ გახსნა, სადაც მისულ სტუმარს კიბორჩხალებს, სხვადასხვა სახის ლუდსა და თევზეულს სთავაზობს. მომხმარებლებს კი, ცოცხალი კიბორჩხალების არჩევა და შეძენა პირდაპირ აკვარიუმიდან შეუძლიათ, რაც როგორც თავად ამბობს, ქართველი და უცხოელი მყიდველის დიდ ინტერესს იწვევს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ადრე თელავში ცოცხალი კიბორჩხალების ყიდვა  არ იყო შესაძლებელი. მათ თბილისის მაღაზიებში უწევდათ პროდუქტის შეძენა, რაც დიდ დროსა და ფინანსებს მოითხოვდა. თელაველი დავით მარგალიტაშვილის განცხადებით,  მნიშვნელოვანია, რომ კიბორჩხალას მოყვარულები პროდუქტის შეძენას ამიერიდან ,,ლუდის სახლში” შეძლებენ.

ახალგაზრდა ბიზნესმენის განცხადებით, კიბორჩხალებს მეგობრებთან ერთად უვლის. სანდროს თქმით, კიბორჩხალების მოვლა საკმაოდ შრომატევადი, თუმცა სასიამოვნო პროცესია. უახლოეს მომავალში მაღაზიის  გაფართოებას გეგმავს, რაც საშუალებას მისცემს კიბორჩხალების წარმოება გაზარდოს. იგი ამბობს, რომ საჭირო ინფორმაციის მიღებას ინტერნეტის საშუალებით აპირებს. 1 კილოგრამი საშუალო ზომის კიბორჩხალა 17 ლარი ღირს, ხოლო მოზრდილები 25 ლარად იყიდება.

სანდრო ჭუაძე სამომავლოდ გარდა კიბორჩხალების მოშენებისა, კალმარების და სხვა სახის ზღვის პროდუქტების გამრავლებას და ადგილობრივი მომხმარებელისთვის ბევრი სიახლის შეთავაზებას გეგმავს.