თელავში ნარკოპოლიტიკის შესახებ იმსჯელეს
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ნარკოპოლიტიკის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საკითხის ახლებურად გაშუქება და პოლიტიკურ დისკურსში ცვლილების შეტანა.
,,ამ შეხვედრით ვეხმაურებით ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. შეხვედრაზე მოვიწვიეთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს ამ კუთხით საკუთარი პარტიის ხედვაზე, იმაზე თუ როგორ წარმოუდგენიათ ნარკოპოლიტიკა და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში როგორ აპირებენ ამ კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებას”, –განუცხადა knews.ge-ს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა ლიკა იმერლიშვილმა.
საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ბემონის’’ თელავის ოფისის ხელმძღვანელის, დავით ღონღაძეს განცხადებით, ხელისუფლების სათავეში მოსვლამდე აუცილებელია პოლიტიკურ პარტიას კონკრეტული გეგმა ჰქონდეს ნარკოპოლიტიკაში არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე.
,,არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ძალიან ბევრ თემაზე საუბრობენ, თუმცა ნარკოპოლიტიკა რჩება ამის მიღმა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს საკითხები პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა განიხილონ წინასწარ და იმ პარტიას, რომელიც მოდის ხელისუფლებაში გარკვეული წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, რა ღონისძიებები უნდა გაატაროს ამ მიმართულებით. ის პოლიტიკა, რაც ნარკოტიკებთან დაკავშირებით ხორციელდება, დასახვეწია. რეპრესიული მიდგომა, რომელიც არის დღეს, არაფრით არ უწყობს ხელს იმ პრობლემის აღმოფხვრას, რასაც ეწოდება წამალდამოკიდებულება,’’-განუცხადა knews.ge-ს დავით ღონღაძემ.