ახალი ამბები

გურჯაანის საკრებულომ წინასაარჩევნო აგიტაციის წარმოებისთვის ადგილები განსაზღვრა

აღნიშნული დადგენილება საკრებლომ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. პოლიტიკურ გაერთიანებებს 7 ობიექტზე ექნებათ საარჩევნო პლაკატებისა და ბანერების გაკვრის შესაძლებლობა. აქედან 3 ქალაქ გურჯაანის ტერიტორიაზე, 4 კი სოფლებში მდებარეობს. როგორც knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ყვირალაშვილმა განუცხადა, წარმომანდგენლობითმა ორგნომ გამოაქვეყნა იმ ნაგებობების ნუსხაც, სადაც სააგიტაციო მასალის გაკვრა აკრძალულია.
,,ის ადგილები, სადაც სააგიტაციო მასალების გაკვრა იქნება ნებადართული, უკვე განსაზღვრულია. საკრებულოს დადგენილების თანახმად, პლაკატების გაკვრა ნებადართული იქნება გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობაზე, ველისციხის და გურჯაანის კულტურის ცენტრის, ყოფილ რკინიგზელთა კულტურის სახლის და ვაჩნაძიანის, კალაურის და კაჭრეთის კულტურის სახლების ფასადებზე”,- განუცხადა knews.ge-ს ზვიად ყვირალაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ადმინისტრაციული შენობების გარდა, წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალის გათავსება, ასევე, ნებადართულია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების კაპიტალურ მესერზე, სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე განთავსებული ღამის განათების ბოძებზე სამი მეტრის სიმაღლეზე.
უწყების ცნობით, სხვა ობიექტებზე სააგიტაციო მასალა შეიძლება განთავსდეს მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში.
საკრებულოს დადგენილების თანახმად, საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოს, იუსტიციის სახლის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის, პოლიციის, გურჯაანის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, აგრეთვე, საგზაო ნიშნებზე.