ახალი ამბები

პოლიციელებს კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის უფლება ექნებათ

ეს მთავრობის კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომლის მიზანს არჩევნების დღეს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ცვლილებები “საარჩევნო კოდექსში“ ხორციელდება. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით, პოლიციის მუშაკები შეიძლება გამოძახებულ იქნენ არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, არამედ მაშინაც, თუკი საფრთხე საზოგადოებრივ წესრიგს ექმნება.
გარდა ამისა, “საარჩევნო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, გამონაკლის შემთხვევაში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა საკუთრივ კენჭისყრის შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის ან დაცვის მიზნით.