დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას აღინიშნავს
ამაღლების დღესასწაული აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, აღინიშნება და 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთია. წმინდა წერილის მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.
აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში შეიკრიბნენ ერთ სახლში, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილ მოციქულებს აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმიდან არ წასულიყვნენ.
ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე გაიყვანა. მანამდე უფალმა ხელები ზეციკენ აღაპყრო და მოწაფეები აკურთხა. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა. ვიდრე მოციქლები ცას შეჰყურებდნენ, თეთრად მოსილი ორი კაცი ეჩვენათ. მათ შეკრებილებს უთხრეს, რომ ისინი, ასევე, იხილავდნენ ზეციდან მომავალ უფალს.

