ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები ფართოვდება
ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაში რეგისტრირებული პაციენტი, რომელსაც ჩატარებული აქვს მკურნალობაში ჩასართავად საჭირო ყველა კვლევა, გაივლის მხოლოდ რეგისტრაციის ეტაპს (ყველა კვლევის პასუხითა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით).
ახალმა პაციენტებმა კი მკურნალობის პროცესში ჩართვამდე უნდა ჩაიტარონ კვლევები და რეგისტრაციისთვის მიმართონ C ჰეპატიტის სერვის ცენტრს (ფალიაშვილის 110) ან სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონულ და რეგიონალურ ოფისებს.
პაციენტების რიგის მართვა განხორციელდება კლინიკებთან შეთანხმებით ბაზაში დარეგისტრირების თარიღის მიხედვით.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემცირდა მოცდის პერიოდიც, განაცხადის ჩაბარებიდან მკურნალობის დაწყებამდე ბენეფიციარს 2 თვის ნაცვლად, ლოდინი მხოლოდ 2 კვირა მოუწევს.
,,C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები გაუქმდება. ნებისმიერ პაციენტს, დაავადების სიმძიმის მიუხედავად, საშუალება მიეცემა, ჩაერთოს პროგრამაში ყოველგვარი შეფერხების გარეშე,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

