სტატიები

მადლობა ერთგულებისთვის ARMY CARD-ის პროექტში ჩართულ ბიზნესკომპანიებს

ჩვენი სამხედროები უნდა გრძნობდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ქართველი საზოგადოების ყველა სეგმენტი მათ გვერდით დგას. ქართული ჯარი არ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების საზრუნავი, მასზე უნდა ზრუნავდეს მთელი საზოგადოება. ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „საქართველოს ბანკს, ყველა იმ კომპანიას, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა თავდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებული კამპანიის მიმართ. ჩვენ ე.წ. „ჯარის ბარათები“ -ARMY CARD შევქმენით, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეებს ვეუბნებით _„მადლობა სამსახურისთვის. მადლობა სამსახურისთვის გამოიხატება კონკრეტულ შეღავათებში, ფასდაკლებებში. ამ კამპანიაში უკვე 25 კომპანია ჩაერთო კუთვნილ ბიზნესსაწარმოებში შეღავათების დაწესებით. დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ქართველი ბიზნესმენი შემოუერთდება ამ ინიციატივას. არ არსებობს არც ერთი ბრძოლა დედამიწის ზურგზე, რომელიც ჯარს მარტოს მოუგია, საზოგადოების მხარდაჭერა, სოლიდარობა არის ყოველთვის დიდი მოტივაცია ჯარისკაცებისთვის. ასეთი კამპანიები, ბუნებრივია, მათ ეხმარებათ იმაში, რომ მშვიდად ჰყავდეთ ოჯახები, თავად კი ემსახურონ ქვეყანას, _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროს ახალ პროექტზე, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ახალი უნიკალური სახელფასო ბარათის შექმნას გულისხმობს.

 პროექტში უკვე ჩართულმა ბიზნესკომპანიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ ზუსტად ესმით სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობა, რომ ჯარი და საზოგადოება ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. თითოეული ორგანიზაცია თუნდაც მოკრძალებული წვლილით ამტკიცებს, რომ ქვეყნის თავდაცვა თითოეული მოქალაქის საპატიო ვალია. პროექტში მათი მონაწილეობა არის მოტივაცია და სტიმული ჩვენი ჯარისკაცებისთვის. მტკიცე დასტური იმისა, რომ საზოგადოება სათანადოდ აფასებს მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში.

საქართველოს ბანკმა თავდაცვის სამინისტროს, მისი სტრუქტურული ერთეულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებისა და მათი მეუღლეებისთვის სადებეტო სპეციალური ბარათი _  ARMY CARD_ ექსკლუზიური ფასდაკლებებითა და პირობებით შექმნა: ფასდაკლებები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, მათ შორის კვების, სააფთიაქო და ბენზინგასამართ სადგურებზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, სპორტულჶგამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ამასთან, ბარათით შესაძლებელია საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა.  მნიშვნელოვანია, რომ ARMY CARD-ით გადახდისას (ყოველი გადახდისას კი გარკვეული თანხა ე.წ. Cash Back -ის სახით უკან დაუბრუნდებათ) თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და მათი მეუღლეები საქართველოს ბანკისგან თანხის დაბრუნების შესახებ შეტყობინებას  გადახდის მომენტისას მიიღებენ,  ასევე, ყოველი თვის ბოლოს დანაზოგის სრული ოდენობის შესახებ ეცნობებათ. ვინაიდან ბარათი ექსკლუზიურად სამხედრო თემატიკაზე შეიქმნა, ARMY CARDგამოირჩევა უნიკალური დიზაინით. ბარათის მოქმედების ვადა 4 წელია და ის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს და მათ მეუღლეებს უფასოდ გადაეცემათ.

თავდაცვის სამინისტრო მადლობას უხდის თითოეულ ორგანიზაციას, რომელიც უკვე ჩაერთო ან, მომავალში ჩაერთვება ამ მნიშვნელოვან პროექტში. ძლიერი შეიარაღებული ძალებისა და გაცილებით მაღალი თავდაცვისუნარიანობის მქონე სახელმწიფოს შენებაში მათი წვლილი ფასდაუდებელია.

 

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: [email protected] ;
ვებგვერდი: mod.gov.ge