სოფელ გამარჯვებაში კომპიუტერული სასწავლო ცენტრი გაიხსნა
სასწავლო ცენტრი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის (KS) და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაფუძნდა.
ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები, NALAG-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრები, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, პროექტის საინიციატივო ჯგუფის წევრები, მედიისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები.
,,მნიშნელოვანია, რომ სოფელში გაიხსნა კომპიუტერების შემსწავლელი ცენტრი. ახალგაზრდები მოკლებულნი ვიყავით ინფორმაციის მიღებას და ასევე კომპიუტერის კურსების შესწავლის ტექნიკებს”, – განაცხადეს სოფელში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა.
სოფლის მოსახლეობამ, წინასწარ შერჩეულ შენობას, სარემონტო სამუშაოები საკუთარი ძალებით ჩაუტარა და აუცილებელი ტექნიკა და ინვენტარი შეიძინა.
,,აღსანიშნავია, რომ დღემდე სოფლის არც ერთ მცხოვრებს არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან, რაც მნიშვნელოვნად ართულებდა მოსახლეობის-განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ინფორმირებულობას, ცოდნის ამაღლებისა და რაიონის თუ რეგიონის თვითმმართველობის პროცესებში ჩართულობის შესაძლებლობას”, – აცხადებენ
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაში.