ახალი ამბები

რადიო „ჰერეთსა“ და „საფერავი ტვ“-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმის მიზანია კამპანიის „გაზარდე მოსავლიანობა და მიიღე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი“-ის მხარდაჭერა, რათა საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია სოფლის მეურნეობაში, მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პროდუქტების შესახებ.
რადიო ,,ჰერეთის’’ დირექტორის, რამაზ სამხარაძეს თქმით, მხარეები უზრუნველყოფენ ხელი შეუწყონ ფერმერებს, რათა ბიზნესი აწარმოონ სწორი და სასარგებლო ინფორმაციის მიღების შემდეგ.
მისივე თქმით, განათლება და დროული ინფორმირება ეს ის მთავარი კომპონენტია, რაც გეგმის სწორად დასახვაში და კრიზისული სიტუაციების მართვაში დაეხმარებათ ფერმერებს.
,,მემორანდუმი ითვალისწინებს ხელი შეეწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ფერმერების ინფორმირებას. სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისთვის ძალიან კარგი პროექტია, რომლის ფარგლებშიც ისინი მიიღებენ კვალიფიციურ რჩევებს და საჭირო ინფორმაციას ექსპერტებისგან, თუ როგორ მოიყვანონ მოსავალი, როგორ განავითარონ თავიაანთი ბიზნესი და სხვა. საბოლოო ჯამში, აღნიშნული საინფორმაციო პროექტი ემსახურება იმას, რომ უკეთესი გახდეს თვითოეული ადამიანის ცხოვრება’’,- განუცხადა Knews.ge-ს რამაზ სამხარაძემ.
კომპანია „საფერავი ტვ“-ის ხელმძღვანელის, დიმიტრი კოსტაროვის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში რადიომსმენელები მიიღებენ საჭირო ინფორმაციას, როგორ მიიღონ მეტი და ხარისხიანი მოსავალი.
,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტელეკომპანია ფარავს მთელს საქართველოს და ასევე ვართ საკაბელო სისტემებშიც, ამასთანავე ბევრი ხალხი უსმენს რადიოს და კახეთში ერთ-ერთი რადიო ,,ჰერეთია’’. მოხარული ვარ, რომ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს და ჩვენი კონტენტი მოსახლეობამდე მივა რადიოს საშუალებით,’’- განუცხადა Knews.ge-ს დიმიტრი კოსტაროვმა.
ღონისძიებას ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე, გივი მეტრეველი. „აგროცენტრის“ მარცვლოვანი კულტურების მთავარი სპეციალისტი რეზო ქოქიაშვილი და ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ.