ხვალ კახეთში მსოფლიო რბენა გაიმართება
როგორც knews.ge-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა განუცხადეს, ასიათასობით ადამიანი 33 ქვეყნიდან კვლავ გაერთიანდება იმისთვის, რომ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს.
„მსოფლიო რბენის შედეგად გამოვლინდება 2 გამარჯვებული – ერთი ქალი და ერთი მამაკაცი. მათ შესაძლებლობა მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ 2016 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელსაც თვითონ აირჩევენ. გლობალური ჩემპიონები კი საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო“, – განუცხადეს knews.ge-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
საერთაშორისო მარათონთან 8 მაისს, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, კახეთში, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე, ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეიზღუდება.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპატრულო პოლიციამ მარათონის მონაწილეთა და სტუმრების ავტომანქანების პარკირებისთვის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ადგილი გამოყო.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.