ბაკურციხეში მცხოვრები დევნილები ცენტრალური გზის გადაკეტვას გეგმავენ
იძულებით გადაადგილებული პირები სიღატაკესა და გაუსაძლის პირობებში ცხოვრებაზე ჩივიან და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრალური გზის გადაჯეტვით იმუქრებიან.
ბაკურციხის ყოფილი კოლეჯის ორ შენობაში, ამ დროისთვის 35-მდე ოჯახი ცხოვრობს.
”ყველამ დაგვივიწყა. ჩვენი არსებობა არავის ახსოვს. არ ვიცი, ეს ზამთარი როგორ გადავიტანეთ. აქ პატრულის მიერ იძულებით და მოტყუებით გადმოგვასახლეს. სამსახური ჩვენ არ გვაქვს. არც სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები მოგვცეს. ლობიოსა და კარტოფილს მაინც მოვიყვანდით. უკვე 24 წელია, ასეთ სიღატაკეში ვცხოვრობთ. რომ გვცოდნოდა, უკან, ჩვენს სახლებში არ დაგვაბრუნებდნენ, იქ დავრჩებოდით, 16 დღე ფეხით მოვდიოდით რომ სამშვიდობოს გამოვსულიყავით, მაგრამ თუ ასეთი დღე გვეწერა, ნეტავ დავრჩენილიყავით ჩვენს სახლებში. ჩვენ იქ დიდი ქონება დავტოვეთ. აქ კი ვშიმშილობთ”, – განუცხადეს humanrights.ge-ს იძულებით გადაადგილებულმა პირებმა..
სოფელ ბაკურციხეში დევნილები საცხოვრებლად 2010 წელს მას შემდეგ გადავიდნენ, რაც მათ კურორტი „ახტალა“ იძულებით დაატოვებინეს. 2010 წლამდე იძულებით გადაადგილებული პირების 40-ზე მეტი ოჯახი კურორტ „ახტალის“ კორპუსებში ცხოვრობდა. რამდენიმე ოჯახი კი – ვეჯინის მოხუცთა პანსიონატში. ბაკურციხეში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო რამდენიმე ოჯახმა ყოფილი კოლეჯის შენობები დატოვა და საცხოვრებელი ფართი იქირავა.