სტატიები

JTEC არის პასუხი იმაზე თუ რა სჭირდება საქართველოს

ვიცე-პოლკოვნიკი ოლე კრისტიან ემაუსი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC)  მრჩეველთა ჯგუფის ლიდერია. მას აქვს  22-წლიანი სამხედრო გამოცდილება ნორვეგიის შეიარაღებულ ძალებში, ის არის JTEC-ის პროექტის ხელმძღვანელი ნატოს მხრიდან და წარმოადგენს ნორვეგიას, როგორც პროექტის მხარდამჭერ სახელმწიფოს.

 _ რა მისიით იმყოფებით საქართველოში?

_ საქართველოში ჩემი მისია ნატოს მხრიდან JTEC-ის ხელმძღვანელობაა. ამ პროექტის ლიდერობა ნორვეგიამ საკუთარ თავზე აიღო. ავღანეთის რიგით მერვე მისიიდან  დაბრუნების შემდეგ, ჩემმა დანაყოფმა მკითხა, ხომ არ დავინტერესდებოდი თბილისში ჩასვლით და პროექტის უფრო ახლოს გაცნობით. რადგან შესაძლებლობაც მქონდა და საქართველოშიც კარგი მეგობარი მყავდა, გადავწყვიტე, გამომეყენებინა ეს შანსი. საქართველოში პირველად 2015 წლის  მარტში ჩამოვედი. თბილისში ყოფნიდან რამდენიმე დღეში კი, ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს ვაცნობე, რომ ეს ის სამუშაოა, რომელიც მინდა და ოჯახის ჩამოყვანის შემთხვევაში საქართველოში დავრჩებოდი.

_ გვიამბეთ JTEC -ის (ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის)  პროექტის შესახებ და იმაზე, როგორ ეხმარება ეს პროექტი საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას?

_ მჯერა, JTEC აბსოლუტურად ფანტასტიკური პროექტია, რომელიც პასუხობს საქართველოს საჭიროებებს და ამავდროულად, ზრდის ნატოს ღირებულებას. რატომ არის ეს პროექტი ფანტასტიკური საქართველოსთვის? იმიტომ, რომ ფოკუსირებულია ქართული დანაყოფებისა და არა მხოლოდ მათ საჭიროებებზე, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის ზრდას. ბევრი ქართული დანაყოფი ძალიან კარგად არის გაწვრთნილი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა დანაყოფის სტანდარტი გათანაბრდეს. შეიძლება ვინმემ იკითხოს, ნუთუ ამის გაკეთება თავად ქართველებს არ შეუძლიათ? დიახ, შეუძლიათ, მაგრამ ნატოსთან მეტი თავსებადობისთვის, ალიანსის წევრ სახელმწიფოებთან შეთანხმებული ქმედებებისთვის, მიზანშეწონილია ყველა დანაყოფის მომზადება ქართველ და ნატოელ ინსტრუქტორებთან ერთად. ჩვენ ყოველდღე ერთმანეთისგან ვსწავლობთ. რაც მეტს ვმუშაობთ ერთად, მით უფრო თავსებადები ვხდებით, რაც ნიშნავს კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ერთად ოპერირებას და ერთმანეთის მხარდაჭერას.

_ რას ფიქრობთ ქართველ სამხედროებთან თანამშრომლობაზე?

_ ჩვენ განსხვავებული კულტურული ფესვები გვაქვს. აღმოსავლურ და დასავლურ კულტურებს ამოცანებისადმი განსხვავებული მიდგომები აქვთ. ქართველ ოფიცრებთან მუშაობისას გვაქვს გარკვეული უთანხმოებები, რომლებიც სწორედ განსხვავებულ მიდგომებს ეფუძნება. მაგრამ, ვერ მოგიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როდესაც ჩვენ, ქართული შეიარაღებული ძალებისთვის საუკეთესო გამოსავალი ვერ გამოვნახეთ.  რადგან ჩვენ  ერთმანეთს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატოსთან მეტი თავსებადობის მიღწევაში ვეპაექრებით. ასე რომ,  ქართველებთან ჩემი მუშაობის გამოცდილება არის ის, რომ ისინი განვითარებისთვის მოტივირებულები, კვალიფიციურები და უაღრესად მოწადინებულები არიან.

_ რითია JTEC  უნიკალური საწვრთნელი ცენტრი? გქონიათ თუ არა მსგავსი გამოცდილება სხვა ქვეყნებში?

_ აშშ-ის საზღვაო სარდლობის საშტაბო კოლეჯში სწავლისას,  სამაგისტრო ნაშრომი საწვრთნელი ცენტრის დაფუძნების შესახებ დავწერე. თქვენს შეკითხვას რომ დავუბრუნდე,  JTEC -ის უნიკალურობასთან დაკავშირებით, ჩემის აზრით ეს ცენტრი არის პასუხი იმაზე თუ რა სჭირდება საქართველოს, თქვენი საფრთხეების შეფასების, სტრატეგიული დოკუმენტების მიხედვით, ჩვენ მოვახდინეთ თქვენი საჭიროებების იდენტიფიცირება, რა სახის ტრენინგები გჭირდებათ, რომელ დანაყოფებს სჭირდებათ წვრთნა, არა მხოლოდ სამხედრო დონეზე, არამედ უსაფრთხოების სექტორსა და უწყებათაშორის დონეზე. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სურს რეგიონში უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს, ჩვენ შევიმუშავეთ კონცეფცია, რითაც JTEC -ი შეძლებს ამ ამოცანის შესრულებას. მაგალითად, ამ დღეებში JTEC-ი ლოგისტიკის კურსს მასპინძლობს, სადაც უკრაინელი და ქართველი სამხედროები ერთად გადიან წვრთნას. ახლა ამას შევხედოთ მეორე კუთხით, თუ რითია JTEC მნიშვნელოვანი ნატოსთვის? თავდაცვის აღმშენებლობის ინიციატივები მიზნად ისახავს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას. JTEC-ის დაფუძნებით, წვრთნებით, უწყებათაშორისი რეაგირების გაძლიერებით და ნატოსთვის ღირებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯებით ჩვენ ვაძლიერებთ თქვენს თავდაცვით შესაძლებლობებს. ვინაიდან, თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა რეგიონში და გაქვთ შესაძლებლობა ხელი შეუწყოთ  ნატოს და სხვა პარტნიორების ძალების წვრთნას საქართველოში.

_ გააჩნია თუ არა JTEC -ს (ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს) აქტივობების გეგმა მომავალი წლებისთვის?

16 მაისიდან, ჩვენ ვიწყებთ ოფიციალურ, ერთკვირიან როტაციას და ყოველ მესამე კვირას ახალი ქართული დანაყოფი JTEC -ში გაივლის წვრთნას. რაც შეეხება სწავლებებს, ვგეგმავთ ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას _ კომპიუტერული დახმარების სწავლებას, რომელიც 2016 წლის ნოემბერში ჩატარდება. მოგახსენეთ, რომ ჩვენთან ლოგისტიკის კურსი უკვე მიმდინარეობს და ასევე ვმუშაობთ მომავალი აქტივობების დაგეგმვაზე. ჩვენ განვავითარებთ სხვა კურსებსა და წვრთნის შესაძლებლობებს ნატოს მოკავშირე და პარტნიორი სახელწიფოების სხვადასხვა სამხედრო დანაყოფისთვის.

_ თქვენ ისაუბრეთ უწყებათაშორის თანამშრომლობაზე, გაქვთ თუ არა კონკრეტული კურსები და წვრთნები ამ მიმართულებით?

_ ჩვენ ვცდილობთ შერეულ, უწყებათაშორის სწავლებას ბატალიონის დონეზე, ამ კურსისთვის ყველაზე დაბალ დონეზე. გვექნება სწავლება პოლიციისთვის, წითელი ჯვრისა და სხვა არასამთავრობო და სამთავრობო უწყებების ჩართულობით. რაც შეეხება მაღალ დონეს, JTEC არ უხელმძღვანელებს ამ პროცესს, არამედ ხელს შეუწყობს კურსის ჩატარებას, შეადგენს სცენარს, მოიწვევს სწავლებით დაინტერესებულ მხარეებს და ა.შ.  ამისთვის გამოვიყენებთ საქართველოში  არსებულ ყველა რესურსს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას, სხვა საწვრთნელ ცენტრებს, მაგალითად, საჩხერის სამთო-მომზადების ცენტრს, სადაც შესაძლებელია წვრთნისა და სწავლების ჩატარება.

_ როგორ უწყობს ხელს SNGP (ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი) საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას?

_ საქართველოს სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, SNGP როგორც თავდაცვის აღმშენებლობის ინიციატივა საკმაოდ ახალია, მიუხედავად იმისა, რომ ის, საქართველოს 2014 წლის უელსის სამიტზე მიენიჭა. SNGP-ის ეფექტურობასა და მნიშვნელობას ყველა სათანადოდ ვერ აფასებს. SNGP მოიცავს 13 პროექტს. ეს პროექტები 13 სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება საქართველოს შესაძლებლობების განვითარებაში. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. SNGP არის შესაძლებლობათა კალათა, რომელიც მიზნად ისახავს ნატოს მრჩევლების გამოცდილების გაზიარების გზით საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის შესაძლებლობების სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას.

_ დაბოლოს, რას ფიქრობთ საქართველოზე და ქართველ ხალხზე? რა არის თქვენი შთაბეჭდილებები საქართველოზე?

ვფიქრობ, მეტად ადვილია საქართველოსადმი ჩემი დამოკიდებულების სამი სიტყვით გადმოცემა _ მე მიყვარს საქართველო. ქართველი ხალხი და საქართველოს ბუნება გამორჩეულია. გამიმართლა, რომ ამ  ქვეყანაში ვმუშაობ. ოჯახთან ერთად ვცხოვრობ მეგობრულ, სტუმართმოყვარე გარემოში და შემიძლია ყველა იმ შემოთავაზების მიღება რასაც საქართველო გვთავაზობს.

 

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: [email protected] ;
ვებგვერდი: mod.gov.ge