ქართული სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ვარშავის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი
ჩვენი, როგორც ნატოს პარტნიორი, ასპირანტი ქვეყნის ამოცანა არის ამ ერთობაში ვიყოთ თანამონაწილე. ვარშავაში არ უნდა იყოს საკითხები, რომლებიც გაყოფს ნატოს. რომლებიც ვინმეს შეუქმნის იმის განცდას, რომ არსებობს მთავარი დღის წესრიგები ნატოს წევრ სხვადასხვა ქვეყანასთან. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ქვეყანა ამ მთავარი გზავნილით, მთავარი ამოცანით მივდივართ ვარშავაში. გარდა ამისა, ბუნებრივია, გვაქვს ჩვენი ამოცანებიც _ საქართველოს უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების უმთავრესი ამოცანები. ქართული სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ვარშავის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი, გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე მისი თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, ვიდრე ის არის დღეს. ნატოჶსაქართველოს ერთობლივი პაკეტი, რომელიც უელსის სამიტზე მოგვენიჭა, ამ შესაძლებლობების ზრდის დასაწყისია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ჩვენი ამოცანები და ამბიციები უფრო დიდია. ჩვენ ველოდებით, რომ ვარშავა პასუხს გასცემს იმ ძირითად კითხვებს, რომლებიც უელსის სამიტის შემდეგ დარჩა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ ჩვენ ყველანი ჩამოვართმევთ ერთმანეთს ხელს, კმაყოფილი ამ შედეგებით, საქართველო იქნება უფრო დაცული და ნატო იქნება უფრო ძლიერი.
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: [email protected] ;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge