თელავის აეროპორტი ,,მიმინო” ოფიციალურად გაიხსნება
ცერემონიას კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ტეფნაძე დაესწრებიან.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება საჩვენებელი ფრენები საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული Piper Seneca, Cessna 152 და A-22-ის ტიპის საჰაერო ხომალდების მეშვეობით.
კახეთის გუბერნიაში აცხადებენ, რომ ასევე, Piper Seneca-ს ტიპის 6 ადგილიანი თვითმფრინავით დაიწყება ჩარტერული რეისების შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში საზღვარგარეთაც.
თელავის აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით. აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.
საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას აეროპორტში გადიან. ამჟამად მიმდინარეობს მათთვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებლის რემონტი. ახლო მომავალში კი, დაგეგმილია პილოტთა და ავიასპეციალისტთა მომზადება შვეულმფრენზე.
აეროპორტიდან შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საჰაერო გასეირნების (საჰაერო ტურების) ორგანიზება ტურისტებისთვის.
დღეისათვის თელავის აეროპორტში დასაქმებულია 40 ადამიანი. მათ შორის 16 ადგილობრივი მაცხოვრებელია. დასაქმებულთა რიცხვი ახლო მომავალში კიდევ გაიზრდება.