ახალი ამბები

კახეთში უძველესი სამარხები აღმოაჩინეს (Photos)

როგორც knews.ge-ს ზაზიევმა განუცხადა, ივრის ზეგანზე უძველესი ცივილიზაციის არსებობაზე ინფორმაცია ადრეც ჰქონდა, თუმცა ყუთის ტიპის სამარხების შესახებ შემთხვევით შეიტყო და ტერიტორიის დათვალიერება გადაწყვიტა. მისი ინფორმაციით, სამარხები VI-VIII საუკუნეებს განეკუთვნება და გაძარცვულია. ზაზიევის აზრით, ამ ტერიტორიაზე შესაძლოა უძველესი ნაქალაქარიც არსებობდეს. 
„ამ ტიპის სამარხები საქართველოში სხვაგანაც გვხვდება და როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩრდილოთ კავკასიაშიც არის, თუმცა საინტერესო ისაა, რომ აქამდე უცნობი ქვა-ყუთების სტილის სამარხები, სავარაუდოდ, მიეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეების ეპოქას. მაგრამ ამის დასადგენად დეტალური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. იმ შემთხვევაში თუ ვარაუდი დადასტურდება, ეს აღმოჩენა იქნება ახალი ფურცელი ამ რეგიონის ისტორიაში, რადგან აქამდე მაგ ტერიტორიაზე გვხდებოდა უფრო ადრეული ეპოქების ყურღანები და ადრეული ადამიანის კვალი, ბრინჯაოს ხანა და უფრო ძველიც. საინტერესო ის არის რომ კლიმატური ცვლილებების გამო შუა საუკუნეებში ეს ტერიტორიები ცარიელდება და არ არის ნაპოვნი არც ერთი არტეფაქტი, არც დასახლება და აქამდე არც სამარხები არ იყო ცნობილი. ჩემი აზრით, ამ ტერიტორიაზე შესაძლოა უფრო საინტერესო აღმოჩენები იყოს. აქ მახლობლად აუცილებლად უნდა იყოს ამავე პერიოდის აქამდე უცნობი ნაქალაქარი. სამარხები, სავარაუდოდ, ახალი გაძარცვულია. იქიდან წაღებულია ქვეყნისათვის ღირებული და მნიშვნელოვანი ნაწილი“, – განუცხადა knews.ge-ს თეიმურაზ ზაზიევმა. 
არქეოლოგი გიორგი ლაღიაშვილი, რომელმაც დაათვალიერა სამარხები, გამორიცხავს უძველესი კულტურული ძეგლების გაძარცვას. 
„მაგ ტიპის სამარხებში ძვირფასეულობას არ ატანდნენ. ასეთი რამე გამორიცხულია. რომელიმე ცნობისმოყვარე ადამიანს დააინეტერესა და გახსნა სამარხი“, – აღნიშნა გიორგი ლაღიაშვილმა. 
როგორც knews.ge-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგიური სამსახურის უფროსმა კონსტანტინე ფიცხელაურმა განუცხადა, დედოფლისწყაროს რაიონის იმ ტერიტორიაზე, სადაც სამარხებს მიაკვლიეს, არქეოლოგიური სამუშაოები, სავარაუდოდ, 2017 წელს განხორციელდება. ფიცხელაურის თქმით, აკლდამების შესწავლის პროესში უცხოელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან. 
„უცხოელ პარტნიორებთან გვაქვს აქტიური თანამშრომლობა. სავარაუდოდ ისინი ჩაერთვებიან სამარხების შესწავლის პროცესში. რამდენიმე სამარხზე არქეოლოგიური გათხრების ჩატარებას 2017 წლის ბიუჯეტით აუცილებლად გავითვალისწინებთ“, – განაცხადა კონსტანტინე ფიცხელაურმა.