ახალი ამბები

„დაუშვებელია თელავის საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეები ისხდნენ გომურში“

როგორც knews.ge-ს ვარდოშვილმა განუცხადა, ოთახში, რომელიც საკრებულომ გამოუყო, არასათანადო სამუშაო პირობებია, რის გამოც საჭიროა მისი კოსმეტიკური რემონტი და შესაცვლელია ელექტროგაყვანილობა. 
„დაუშვებელია ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის თავჯდომარეს, საფინანსო-საბიუჯეტი კომისიის თავმჯდომარეს ჰქონდეს კომფორტული გარემო და ფრაქციების თავმჯდომარეები ისხდნენ გომურში. ამას სხვა სახელი არ ჰქვია. არ შეიძლება გვერქვას თვითმმართველი ქალაქი თელავი და ფრაქციების თავმჯდომარეებს არასათანადო სამუშაო პირობები ჰქონდეთ. სარემონტო სამუშაოებს მაქსიმუმ 1400 ლარი დასჭირდება. საკრებულო მოქმედებს ორმაგი სტანდარტებით. დღეს ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარეს, გია ემინაშვილს უყიდეს კომპიუტერი და 1000 ლარი გადაიხადეს. არ შეიძლება რომ ოთახი შევაკეთოთ და ზუსტად იმდენი გადავიხადოთ?“, – განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ ვარდოშვილმა. 
საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის მოთხოვნას კრიტიკულად აფასებს ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი. მისი მოსაზრებით, ვარდოშვილი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, რადგან წლების განმავლობაში ის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას აპროტესტებდა და ამჟამად კომფორტული პირობების მოწყობას თავად ითხოვს. 
„ვარდოშვილი ხიბლშია და ვეღარ გამოდის ამ მდგომარეობიდან. დღეს მან მოითხოვა კაბინეტის რემონტი, ხვალ მოითხოვს ავეჯს, ზეგ – ტექნიკას, შემდეგ ალბათ უკვე ავტომობილს. ეს ქმედება სირცხვილია ვარდოშვილის მხრიდან, რადგან წლების მანძილზე ბიუჯეტის არასწირ ხარჯვას აპროტესტებდა. ვარდოშვილის სამუშაო ოთახში ნორმალური პირობებია, რადგან მანდ ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე მუშაობდა“, – აღნიშნა მოსიაშვილმა. 
ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარის არჩილ თხლაშიძის განცხადებით, იგეგმება წარმომადგენლობითი ორგანოს რამდენიმე სამუშაო ოთახის კოსმეტიკური რემონტი, თუმცა ადგილობრივ ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის და საჭიროა დამატებითი ფინანსური სახსრები. 
„მხოლოდ ნიკოლოზ ვარდოშვილის სამუშაო ოთახი არ არის სარემონტო. სხვა ოთახებსაც სჭირდება კოსმეტიკური რემონტი. დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ოთახის გარემონტება, თუმცა ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, საბიუჯეტო სახსრები არ გვაქვს. როდესაც ბიუჯეტი იგეგმებოდა, ეს პროექტი სამომავლოდ იყო გათვალისწინებული, როდესაც გაჩნდებოდა დამატებითი შემოსავლები ქონების რეალიზაციის შემდგომ. საკრებულოს ბოლო სხდომაზე საპრივატიზაციო ნუსხაში შეგვქონდა ცვლილება და ბიუჯეტს დამატებითი შემოსავალი უნდა მიეღო, ვარდოშვილი ამის მოწინააღმდეგე იყო. თუ ბიუჯეტს არ გაუჩნდა დამატებითი სახსრები, ძალიან ძნელი იქნება ამ ოთახების რემონტი. თუ ვარდოშვილის სამუშაო ოთახთი გარემონტდება, მაშინ სხვებიც გარემონტდება. პრიორიტეტი ნიკას სამუშაო ოთახს ნამდვილად არ მიენიჭება“, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.