გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 50 სტუდენტი დაფინანსდება
პროექტის ინიციატორი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ყვირალაშვილია. როგორც ყვირალაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, 10 000 ლარი გამოიყოფა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ 20 სტუდენტისათვის, რომლებსაც 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები ექნებათ, 40 000 ლარი კი გადანაწილდება სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე.
„გვინდოდა, გაგვეზარდა ახალგაზრდების მოტივაცია. გამომდინარე იქიდან რომ სახელმწიფო სტიპენდიები არსებობს მხოლოდ პირველი კურსის შემდეგ, სხვა მოტივაცია სტუდენტებს არ გააჩნიათ. სტუდენტებისათვის ბიუჯეტში განვსაზღვრეთ თანხა 50 000 ლარის ოდენობით. 10 000 ლარი დაიხარჯება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე 20 სტუდენტისათვის. ვგეგმავთ, თითოეულ სტუდენტზე სტიპენდია გამოვყოთ 500 ლარის ოდენობით. უნდა ვიმსჯელოთ, ეს იქნება ერთჯერადი წახალისება თუ ისინი სტიპენდიას ყოველთვიურად მიიღებენ. დანარჩენი 40 000 ლარით დაფინანსდებიან ობოლი, მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტები. არსებობს სახელმწიფო პროგრმები, რომლებიც ითვალისწინებს სოციალურ დაუცველი სტუდენტების დაფინანსებას, თუმცა ჩვენ შევარჩევთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ვერ მოხვდებიან ამ პროგრამაში. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტების შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“, – განუცხადა knews.ge-ს ზვიად ყვირალაშვილმა.