სიღნაღის საკრებულოს წევრებსა და გამგეობის თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა
პროკურატურა მათ ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.
5 აპრილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები გიორგი მათეშვილი, იოსებ ბეგიაშვილი და გამგეობის თანამშრომელი ბესიკ ბალარჯიშვილი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1 ლარად შესყიდვაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 100 000 ლარი, ხოლო წინასწარ გამოართვეს 60 000 ლარი. დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას საგამოძიებო სანსახურმა ამოიღო ქრთამის სახით აღებული თანხა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილი „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც 11 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.