კახეთში ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება იწყება
დოკუმენტი ხელისუფლებასა და ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის ფორმებს განსაზღვრავს. როგორც knews.ge-ს რეგიონის განვითარების ცენტრი აღმასრულებელი დირექტორმა, ლიზი სოფრომაზემ განუცხადა, პროექტის მიზანია რეგიონში ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა.
პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან, მუნიციპალიტეტების გამგეობების და საკრებულოების წევრებთან. პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ყველა შეხვედრას გაუძღვებიან მოწვეული ექსპერტები, რომლებიც თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში დაეხმარებიან.
,,თელავში ჩავატარეთ შეხვედრა, რომელსაც კახეთის რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის წევრები ესწრებოდნენ. მათთან მუშაობენ ექსპერტები, ისინი მოვიწვიეთ იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტისთვის დაიწეროს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი.
ახალგაზრდებს ჩვენ უკვე ჩავუტარეთ ტრენინგები და ექვსივე მუნიციპალიტეტში გამოვაცხადეთ 1000 ლარიანი საგრანტო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მათ და დაფინანსების შემთხვევაში განახორციელებენ სასურველ პროექტებს,’’- განუცხადა knews.ge-ს ლიზი სოფრომაძემ.
ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი მუშავდება პროექტის „ახალგაზრდები განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც კახეთის 6 მუნიციპალიტეტში – ქალაქ თელავში, თელავის თემში, საგარეჯოში, სიღნაღში, ახმეტასა და ლაგოდეხში ხორციელდება.